ეროვნული ბანკი: ივნისში ლარში გაცემული სესხების მოცულობა - 754 მლნ ლარით, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა კი 813 მლნ მილიონი ლარით გაიზარდა

ბანკი

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა, 2025 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით 1.57 მილიარდი ლარით, ანუ 2.42%-ით გაიზარდა და ივნისის ბოლოს 66.24 მილიარდი ლარი შეადგინა.

ცენტრალური ბანკის ცნობით, სესხების წლიურმა ზრდამ, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 15.58% შეადგინა. ამავე პერიოდში, წინა თვესთან შედარებით, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა – 754.29 მლნ ლარით, ანუ 2.04%-ით, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 813.56 მლნ ლარით, ანუ 2.93%-ით გაიზარდა.

ამასთან, ცენტრალური ბანკის მონაცემებით, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2025 წლის ივნისის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 10.90 მილიარდი ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვესთან შედარებით 2.60%-ით მეტია, ხოლო უცხოური ვალუტით 19.10 მილიარდი ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვის იმავე მაჩვენებელს 3.37%-ით აღემატება.

სებ-ის ანგარიშის მიხედვით, 2025 წლის ივნისის განმავლობაში 1.75%-ით, ანუ 584.47 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და ივნისის ბოლოსათვის 33.89 მილიარდი ლარი შეადგინა.

2025 წლის ივნისის ბოლოსათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 56.92% შეადგინა და წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით შემცირდა 0.214 პროცენტული პუნქტით.