ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველება 2027 წლისთვის
1791315337
თბილისის მერიის პროგრამას „ისწავლე და დასაქმდი" 22 ახალი პროფესიული კურსი ემატება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც ეძებს სამსახურს და პარალელურად, არის ბიზნესსექტორი, რომელსაც სჭირდება კვალიფიციური, პროფესიონალი კადრები.
ჩვენ აქტიური თანამშრომლობა გვაქვს ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან, რომლებიც თავიანთ საქმიანობას სხვადასხვა სექტორში ახორციელებენ და გვაქვს ზუსტი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიმართულებით არის კადრების ნაკლებობა.
შესაბამისად, ჩვენი ჩართულობით, ადამიანებს ვაძლევთ საშუალებას, გადამზადდნენ, კიდევ უფრო აიმაღლონ კვალიფიკაცია და პარალელურად, რა თქმა უნდა, ვეხმარებით დასაქმებაში.
მინდა გითხრათ, რომ ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, მუდმივად ხორციელდება კურსების განახლება. მიმდინარე სემესტრში პროგრამას 22 ახალი პროფესიული კურსი დაემატება", - განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, თბილისის მერმა პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ კიდევ ერთ სიახლეზე - ანაზღაურებადი პრაქტიკის სერვისზეც ისაუბრა.
„პროგრამის ფარგლებში გვაქვს კიდევ ერთი ძალიან კარგი სიახლე - მოქალაქეთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, პროგრამას ემატება ანაზღაურებადი პრაქტიკის სერვისი, რომელიც აქამდე არ ყოფილა.
ანუ წარმატებული კურსდამთავრებულისთვის, რომელმაც შემდეგ პრაქტიკა უნდა გაიაროს, აღნიშნული პრაქტიკა ანაზღაურებადი იქნება, ხელფასს მიიღებს, რაც ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია", - აღნიშნა კახა კალაძემ.
კახა კალაძის ინფორმაციით, პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია განხორციელდება მიმდინარე წლის 7 ოქტომბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით. მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეეძლებათ ვებგვერდზე: www.dasakmdi.ge.
როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია თბილისში რეგისტრირებულ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს 16 წლის ასაკიდან, სწავლა კი სრულად ფინანსდება თბილისის მერიის მიერ.
„არაფერი გადასახადი არ გაქვთ. ჩვენთვის მთავარია, მონდომება და გქონდეთ სურვილი, ჩაერთოთ აღნიშნულ პროგრამაში და აიმაღლოთ კვალიფიკაცია. რა თქმა უნდა, პარალელურად, როდესაც კურსს დაამთავრებთ, მერია სამსახურის მოძიებაში დაგეხმარებათ“, - აღნიშნა კალაძემ.