„პირველად ღმერთმა მაჩუქა ჩემი ნინი, მეორედ კი, ექიმებმა...“ - რას ამბობს გოგონას დედა, რომელსაც ურთულესი ოპერაცია გაუკეთეს

გოგონა

„პირველად ღმერთმა მაჩუქა ჩემი ნინი, მეორედ კი, ოქროსხელება ექიმებმა გადამირჩინეს მისი სიცოცხლე. უფლის წყალობა მივიღე, ქართული ჯანდაცვით“, - ეს ემოციური სიტყვები 17 წლის ნინი შიოლაშვილის დედას ეკუთვნის.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში მცხოვრებ გოგონას „ჯეოჰოსპიტალსის“ ექიმებმა რთული და მაღალტექნოლოგიური ოპერაცია, ერთი თვის წინ ჩაუტარეს.

გოგონას დედა, მაია სინჯიკაშვილი, „პრაიმტაიმს“ უყვება, რომ ნინის, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მუცლის არეში ტკივილები ჰქონდა, თუმცა გართულებებს ოჯახი არ ელოდა.

„ნინი მეთორმეტე კლასშია. ერთი წლის განმავლობაში, მუცლის ღრუში ყრუ ტკივილები აწუხებდა, რასაც ტკივილგამაყუჩებლებით ვუმკლავდებოდით. გულიც უჩქარდებოდა, ხელს მიწვდიდა- ხოლმე, პულსი რომ მენახა. ნამდვილად არ მიფიქრია, რომ რამე სერიოზული პრობლემა ჰქონდა, ხან დაღლას ვაბრალებდით, ხან საკვებს. ბავშვი აქტიური იყო, ამიტომ ეჭვი არ გამჩენია"- ჰყვება დედა.

მაია სინჯიკაშვილი მოგვითხრობს, რომ გოგონას მდგომარეობა დეკემბრის დასაწყისში გართულდა. ნინის მაღალი სიცხეები, პირღებინება და ძლიერი ტკივილები ჰქონდა.

„ბავშვი ძალიან ცუდად გახდა. 40 გრადუსამდე ჰქონდა ტემპერატურა, პირღებინება, ძლიერი ტკივილი. სიცხეს ვერ უგდებდნენ. შევიყვანეთ „ჯეოჰოსპიტალსში“, სადაც ბავშვთა ქირურგმა გიგა ბახტაძემ კვლევა ჩაუტარა და პანკრეასის უიშვიათესი წარმონაქმნი აღმოუჩინა, რომელიც ექიმების განმარტებით, სისხლძარღვებთან იყო ღრმა კავშირში. ოპერაცია მართლაც ოქროსხელება, ლევან წამალაიძემ ჩაატარა. ამ ადამიანებმა, თანადგომითა და ჩემი შვილის ჯანმრთელობისათვის ბრძოლით, ჯანდაცვის სისტემის ნდობა დამიბრუნეს“.

შიოლაშვილების ოჯახი სოციალურად დაუცველია. მაია სინჯიკაშვილი ამბობს, რომ ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამამ ურთულესი ოპერაცია სრულად დააფინანსა, სხვაგვარად, ოჯახი თანხის გადახდას ვერ შეძლებდა.

„ჩვენ არ გვაქვს საშუალება ეს თანხა გადაგვეხადა. ჩვენი ოჯახი სოციალურად დაუცველია.ოპერაცია კი მაღალტექნოლოგიური ჰიბრიდული მეთოდით ჩატარდა. დარწმუნებული ვარ, ოპერაციას მაინც ჩაუტარებდენ, მაგრამ ფულის შესაგროვებლად დიდი ძალისხმევა დამჭირდებოდა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ ოპერაცია სრულად დააფინანსა. ოქროსხელება ექიმებმა და ამ პროგრამამ, ფაქტიურად, ხელახლა მაჩუქეს ნინის სიცოცხლე."

სრულიად ჯანმრთელი ნინი შიოლაშვილი ახლა მარტყოფის საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასშია. ოცნებობს, რომ ცნობილი კულინარი გახდეს და მის ხელოვნებაზე საქართველოში ილაპარაკონ.