1791402536
„პირდაპირ პნევმონიას იწვევს...“ - მაია ბუწაშვილი რუსეთში დაფიქსირებულ „შავ ჭირზე“
შავი ჭირი ინფექციური დაავადებაა, რომელსაც ისტორიულად ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ეპიდემიად მიიჩნევენ. დაავადებას ბაქტერია Yersinia pestis იწვევს და ის ძირითადად მღრღნელებსა და მათ რწყილებთან არის დაკავშირებული. შავი ჭირის ერთ-ერთი ყველაზე საშიში ფორმა პნევმონიური, ანუ ფილტვის ფორმაა, რომელიც შესაძლოა ადამიანიდან ადამიანს ჰაერწვეთოვანი გზით გადაეცეს.
რუსეთში შავი ჭირის შესაძლო შემთხვევასთან დაკავშირებით ინფორმაციას ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ავრცელებს. მისი ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ირკუტსკში შავი ჭირის ფილტვის ფორმით ლაბორატორიის თანამშრომელი გარდაიცვალა.
ბუწაშვილის ცნობით, გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ლაბორატორიაში მუშაობისას დაზიანდა ბაქტერიის შემცველი სინჯარა, რის შედეგადაც თანამშრომელი დაინფიცირდა. ინფექციონისტის ინფორმაციით, მის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მისივე ინფორმაციით, შემთხვევასთან დაკავშირებით იზოლაციაში დაახლოებით 200 ადამიანია, თუმცა, მისი შეფასებით, ამ ეტაპზე უცნობია, რამდენად ფართოა ინფექციის გავრცელების მასშტაბი.
„ამასთან დაკავშირებით იზოლაციაშია 200-მდე ადამიანი. დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება. საქმე იმაშია, რომ ბევრ დეტალს ალბათ უახლოეს მომავალში ვერც გავიგებთ, რადგან რუსეთში ეპიდაფეთქებების დროს კომუნიკაციის საერთაშორისო ნორმებს არ იცავენ და მსგავსი ინფორმაცია საგულდაგულოდ იმალება ხოლმე“, – წერს მაია ბუწაშვილი.
ინფექციონისტი ყურადღებას ამახვილებს შავი ჭირის სხვადასხვა ფორმაზე და განმარტავს, რომ ბუნებრივად გავრცელებული დაავადება, როგორც წესი, მღრღნელებსა და რწყილებთან არის დაკავშირებული.
მისი თქმით, ბუნებრივი გზით გავრცელებული შავი ჭირი უმეტესად კანის დაზიანებითა და ე.წ. ბუბოს – მტკივნეული, გადიდებული ლიმფური კვანძის – წარმოქმნით იწყება. მოგვიანებით ინფექცია შესაძლოა სხვა ორგანოებზეც გავრცელდეს.
რაც შეეხება პნევმონიურ ფორმას, ბუწაშვილის განმარტებით, ინფექცია სასუნთქი გზებიდან ხვდება ორგანიზმში და პირდაპირ ფილტვების დაზიანებას იწვევს. სწორედ ეს ფორმა წარმოადგენს ადამიანიდან ადამიანზე გავრცელების თვალსაზრისით განსაკუთრებულ საფრთხეს.
„რაც შეეხება შავი ჭირის, როგორც ბიოტერორიზმის აგენტის კლინიკურ მიმდინარეობას, რადგან ის შესუნთქვით ვრცელდება, პირდაპირ პნევმონიას იწვევს, კანის ფორმის გარეშე. პნევმონიური შავი ჭირი საკმაოდ ადვილად ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე“, – აღნიშნავს ინფექციონისტი.
ბუწაშვილი პარალელს ავლებს საბჭოთა პერიოდში მომხდარ სვერდლოვსკის ჯილეხის ეპიდაფეთქებასთან და აღნიშნავს, რომ აღნიშნული შემთხვევის შესახებ ფართო საზოგადოებისთვის ინფორმაცია წლების განმავლობაში არ იყო ცნობილი.
მისივე თქმით, საბჭოთა კავშირის პერიოდში ბიოლოგიური იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული საქმიანობის შესახებ არაერთი ინფორმაცია გასაიდუმლოებული იყო.
„რაც შეეხება შავ ჭირს, არსებობს მისი ბუნებრივად გავრცელებული ფორმა, რომელიც მღრღნელებს და რწყილებს გადააქვთ, და ბიოტერორიზმის მიზნით შემუშავებული ფორმა, რომელიც გადაეცემა ჰაერით გავრცელებული ბაქტერიის შესუნთქვით“, – წერს ბუწაშვილი.
ინფექციონისტი ასევე იხსენებს ჩერნობილის კატასტროფას და საბჭოთა პერიოდში მომხდარი ეპიდაფეთქებებისა და სხვა მასშტაბური მოვლენების შესახებ ინფორმაციის დამალვის პრაქტიკაზე საუბრობს.
ბუწაშვილის შეფასებით, ამ ეტაპზე რუსეთში შავ ჭირთან დაკავშირებული ვითარების სრული სურათი უცნობია და უცნობია, გადაიზრდება თუ არა შემთხვევა უფრო ფართო ეპიდემიურ პროცესში.
„ამჟამად რუსეთში შავ ჭირთან დაკავშირებული პრობლემის მასშტაბი არ ვიცით. იმედია, ეპიდემიის სახეს არ მიიღებს. თუმცა სიფრთხილეს თავი არ სტკივა“, – წერს ინფექციონისტი.











