საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს
1779806284
თანამედროვე ცხოვრების სწრაფი ტემპი, სტრესი და არარეგულარული სამუშაო გრაფიკი ხშირად კვებისა და ძილის რეჟიმის დარღვევას იწვევს. განსაკუთრებით აქტუალური პრობლემა საღამოს საათებში უკონტროლო კვება და ემოციური შიმშილია. ამ თემებზე გადაცემაში „იმუნიტეტი“ ექიმი-ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა და ფსიქოლოგი ნანიკო შონია საუბრობენ.
სპეციალისტების თქმით, დღის ბოლოს დაღლილობა და სტრესი ხშირად თვითკონტროლის შემცირებას იწვევს, რაც განსაკუთრებით საღამოს საათებში ჭარბ კვებაში გამოიხატება.
„არის შემთხვევები, როდესაც ადამიანებს საღამოობით ძალიან უჭირთ და თვითკონტროლი უქვეითდებათ. ნერვული სისტემა ხდება ლაბილური, მერყევი, რასაც შეიძლება დაემატოს ძილის დარღვევა და სხვა ფაქტორები. საბოლოოდ, ეს ყველაფერი გვიბიძგებს, რომ საღამოს საათებში მაცივარი გამოვაღოთ,“- განმარტავენ სპეციალისტები.
მათივე თქმით, ასეთ დროს პირველი რეკომენდაცია წყლის დალევაა, რადგან ხშირად ორგანიზმი წყურვილის შეგრძნებას შიმშილად აღიქვამს.
„დალიე წყალი და ორი-სამი წუთი დააკვირდი შენს თავს - ნამდვილად გშია თუ არა. ორგანიზმი ხშირად გვატყუებს და წყურვილის გრძნობა შიმშილში გვერევა,“- აღნიშნავენ ისინი.
თუ შიმშილის შეგრძნება მაინც დარჩა, სპეციალისტები გვირჩევენ, ტკბილეულის ნაცვლად კვება სალათითა და ცილოვანი პროდუქტებით დავიწყოთ.
„ჯერ მიიღეთ მწვანე ფოთლები, შემდეგ - ცილა და ბოლოს, თუ მაინც გინდათ, ტკბილეული. ეს უფრო სწრაფად განაყრებთ და ტკბილეულიც ნაკლებად დამაზიანებელი იქნება,“- ამბობენ ნატა გაგუა და ნანიკო შონია.
მათი თქმით, რთული გრაფიკის პირობებში წონის კონტროლის მთავარი გზა კვების სწორი სტრატეგია, მოძრაობა და ემოციური მდგომარეობის მართვაა.