აშშ NATO-ში სამხედრო რესურსების მნიშვნელოვნად შემცირებას გეგმავს - „შპიგელი“

ავიაგამანადგურებელი

აშშ NATO-ში სამხედრო რესურსების მნიშვნელოვნად შემცირებას გეგმავს, – ამის შესახებ ინფორმაციას „შპიგელი“ ავრცელებს.

„შპიგელის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-ის მთავრობა ნNATO-სთვის ხელმისაწვდომი შეიარაღების სისტემებისა და ჯარისკაცების რაოდენობის მნიშვნელოვნად შემცირებას გეგმავს.

სტატიის თანახმად, პენტაგონის ხელმძღვანელის, პიტ ჰეგსეტის წარმომადგენელმა გასული კვირის ბოლოს NATO-ს წევრი ქვეყნების სხვა მაღალჩინოსნებს ამ განზრახვების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

ამ ინფორმაციის თანახმად, ალიანსის ძალების დაგეგმვის ფარგლებში ვაშინგტონი აპირებს, მნიშვნელოვნად შეამციროს NATO-სთვის მოწოდებული ძირითადი სამხედრო რესურსების რაოდენობა. კერძოდ, ამერიკული ავიაგამანადგურებლების, სამხედრო გემების, დრონებისა და ტანკერების რაოდენობა.

გამოცემის ცნობით, აშშ-ის წინადადებები ძალების დაგეგმვასთან დაკავშირებით უფრო რადიკალური იყო, ვიდრე ევროპელები ელოდნენ.

ამავდროულად, აშშ-მა ნათლად განაცხადა, რომ მას სურს ევროპაში ბირთვული შეკავების შენარჩუნება NATO-ს ფარგლებში. თუმცა ევროპელებმა, პირველ რიგში, უნდა აიღონ პასუხისმგებლობა კონტინენტის ჩვეულებრივ თავდაცვაზე.

გარდა ამისა, აშშ-ს აღარ სურს NATO-სთვის წყალქვეშა ნავების მიწოდება. ევროპელებმა ასევე დამოუკიდებლად უნდა უზრუნველყონ დრონები დაზვერვისთვის. ამავდროულად, შეერთებული შტატები მზადაა, მჭიდროდ ითანამშრომლოს ნატო-ს ყველა პარტნიორთან, რომლებიც ახლა სწრაფად იმოქმედებენ.

აშშ ევროპელებისგან კონკრეტულ ნაბიჯებს ივნისის დასაწყისისთვის, ე.წ. ძალების ფორმირების კონფერენციაზე ელოდება. გავრცელებული ცნობით, ვაშინგტონი მზად არის, ივლისში ანკარაში დაგეგმილ NATO-ს სამიტზე ტვირთის განაწილების ახალი გეგმა წარადგინოს.