1728588793
ნახეთ, საჯარო სამსახურის რომელ სფეროში დასაქმებულები მიიღებენ 15%-მდე სახელფასო დანამატს
2023 წლის 1 იანვრიდან, ისევე როგორც სხვა საჯარო სექტორში დასაქმებულებს, პროკურატურის თანამშრომლებსაც ხელფასი 10%-ით გაეზარდათ. ასევე, „პროკურატურის შესახებ“ორგანული კანონის თანახმად, პროკურატურის გამომძიებლები და პროკურორები 2023 წლის 1 იანვრიდან წელთა ნამსახურობის დანამატს მიიღებენ.
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 81-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის შრომის ანაზღაურება თანამდებობრივ სარგოსთან ერთად შესაძლოა მოიცავდეს წელთა ნამსახურობის დანამატს, რომლის ოდენობას განსაზღვრავს გენერალური პროკურორი. ორგანული კანონის მითითებული ნორმის თანახმად გათვალისწინებული წელთა ნამსახურობის დანამატი, განსხვავებით ყველა სამართალდამცავი ორგანოსგან, პროკურატურის სისტემაში ამ დრომდე არ მოქმედებდა.
2023 წლის იანვრიდან საპროკურორო და საგამომძიებლო უფლებამოსილების განმახორციელებელ თანამშრომლებზე წელთა ნამსახურობის დანამატი 3-დან 10 წლამდე ნამსახურობის შემთხვევაში თანამდებობრივი სარგოს - 5%,-ით, 10-დან 20 წლამდე - 10%-ით, ხოლო 20 წელზე მეტი ნამსახურობისას - 15%-ით განისაზღვრა.
პროკურატურის სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით, ევროკავშირის რეკომენდაციების შესაბამისად, კვალიფიციური და პროფესიონალი კადრების შესანარჩუნებლად, თანამშრომელთა მოტივაციის და სისტემის ეფექტიანობის გასაზრდელად, მნიშვნელოვანია პროკურორების სოციალური პირობების გაუმჯობესება.
ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.