მზია ამაღლობელს, რომელიც 25 დღეა შიმშილობს, მეორე დღეა „ვივამედში“ კვლევებს უტარებენ - პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს

მზია ამაღლობელი

„ვივამედში“ გადაყვანილი ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია. კლინიკის ხელმძღვანელის თქმით, მზია ამაღლობელს სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისთანავე ჩაუტარდა ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული კვლევები, რამაც დამატებითი გამოკვლევების ჩატარების აუცილებლობა გააჩინა. კლინიკაში, „ბათუმელების“ დამფუძნებელს, სავარაუდოდ, ამ კვლევების დასრულებამდე დატოვებენ.

მზია ამაღლობელი სტაციონარის პირობებში მკურნალობის ჩატარებას დათანხმდა, თუმცა ითხოვს, რომ გამოკვლევების დასრულების შემდეგ, ისევ პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნონ. ჟურნალისტის ეს სურვილი მისმა ინტერესების დამცველმა კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ გაახმოვანა.

ჟურნალისტი თანხმობას რომ აცხადებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ექიმების მიერ რეკომენდებული კვლევებისა და პროცედურის ჩატარებაზე, ამას ადასტურებს უწყებაც. სპეციალური პენიტენციური სამსახური ცალკეულ მედიასაშუალებებსა და პოლიტიკურ ჯგუფებს მცდარი ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

მოშიმშილე ჟურნალისტის "ვივამედში" გადაყვანა შეაფასეს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმაც. ხელისუფლების ოპონენტები მზია ამაღლობელის განთავისუფლებას მოითხოვენ. საპირისპირო შეფასებები ისმის მმართველი გუნდიდან.

ჟურნალისტი მზია ამაღლობელი 25-დღეა, რაც შიმშილობს. პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებმა ის კლინიკა „ვივამედში“ გუშინ გადაიყვანეს. მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან, რაც 4-დან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.