პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მთარგმნელი თეა გვასალია ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება.
ჩემთვისაც კი, გიჟ დედად რომ ვითვლები, დღემდე მანქანით მიმყავს და მომყავს შვილები დანიშნულების ადგილას და იქიდან სახლში, ვერ ვიტან ექსკურსიებს, რადგან გონება დაუნდობლად მიხატავს ყველა შესაძლო უბედურებას, რაც იქ შეიძლება მოხდეს, მიკროავტობუსის ავარიიდან დაწყებულს, ბავშვის კლდიდან გადაჩეხვით და წყალში ჩავარდნით დამთავრებულს.
სრულწლოვანი ელენე, თავისი ოქროს მედლით, სამი ენით და სხვა ბონუსებით, პრაქტიკულად ძალით რომ დავტოვე თბილისში ბაკალავრიატის აქ დასამთავრებლად და უკვე ღამის კოშმარები მტანჯავს იმის წარმოდგენით, მაგისტრატურა საზღვარგარეთ რომ უნდა გაიაროს, რომელიმე შვილს რომ დაერეკა და ეთქვა, დედა, შატალოზე ვართ ვაკის პარკში და არ შეგეშინდესო, ცხადია არ გამიხარდებოდა სკოლიდან გაპარვის ფაქტი, მაგრამ იმ მხრივ მაინც ვიქნებოდი მშვიდად, რომ ბავშვები უსაფრთხო ადგილას იყვნენ და ჩავთვლიდი, რომ ალიკაპის გარეშე სასეირნოდ გამოყვანილი უპასუხისმგებლო მოქალაქის მგლისხელა ძაღლი თუ შეაშინებდათ, თორემ სხვა რა შეიძლებოდა მომხდარიყო პარკში, დღისით მზისით, სადაც მთელი ბავშვობა და სტუდენტობა მაქვს გატარებული.
იმ ანგელოზივით გოგონას გაუბედურებულ ოჯახს ამით რა ეშველება, ან რა სიტყვებით უნდა მიუსამძიმრო ადამიანმა, მაგრამ მთელი საზოგადოება ველოდებით საჩვენებელ, უმკაცრეს განაჩენს „გრინ სერვისია“ თუ რაღაც ჯანდაბა ფირმის ხელმძღვანელისა და იმ კონკრეტული პირისთვის, ვინც აუზის უსაფრთხოებაზე არ იზრუნა უცოდინრობით ანდა იმ იმედით, რომ ბავშვებით სავსე პარკში, წყალში არავინ ჩავიდოდა. ამ ქვეყნის განვითარებას ბევრი ფაქტორი ამუხრუჭებს, მათ შორის საპატიო ადგილები ნეპოტიზმს, არაპროფესიონალიზმს და უპასუხისმგებლობას უკავია.