წმინდა დიდმოწამის, გიორგის სასწაული, რომელიც ახლო წარსულში მოხდა
1732308814
საზარელი ავტოსაგზაო შემთხვევის დეტალებს, რომელსაც მარიამ ბადალაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაშავდა კიდევ 3 გოგონა, გარდაცვლილი მოზარდის დეიდა, მარიამ თოღუზაშვილი „პრაიმტაიმთან“ იხსენებს.
მარიამ თოღუზაშვილი: მარიამი აბიტურიენტი იყო, მთელი ღამე მეცადინეობდა. დედამისი ექთანია, სამსახურში ისე წავიდა, არ გააღვიძა, იფიქრა, ცოტა ეძინოს, ცოდოაო. მთელი ღამეები მეცადინეობდა ხოლმე. წერილი დაუტოვა, დედიკო, სამსახურში წავედი, როცა სმენა რომ შემეცვლება, დავბრუნდები, საჭმელი ჭამეო. მამაც სამსახურში იყო.
როგორც ჩანს, მეგობრის დაბადების დღე იყო. დაურეკეს მძინარე ბავშვს, ლილოში წავიდეთო, ალბათ საჩუქრის საყიდლად. იქიდან რომ გამოვიდნენ, თვითმხილველების თქმით, ავტომობილით ბიჭი გამოვარდა და დრიფტაობა დაიწყო. ამ დროს, მანქანის უკანა მხარე გაჩერებაზე ავარდა, სადაც გოგონები იდგნენ და როგორც თქვეს, მარიამს ისეთი სიძლიერით დაარტყა, რომ ხეზე მიანარცხა, ხე სულ გადაყვლეფილიაო. მარიამი ადგილზე დაიღუპა.
წუხელ ერთ-ერთის დედა იყო მოსული და თქვა, დანარჩენებიც მძიმედ არიან და რამდენიმე ოპერაციაა საჭიროო. ასევე თქვეს, ერთ-ერთ გოგონას ხერხემალი ისე დაუზიანდა, არ ვიცით გაივლის თუ არაო. ამაზე დაზუსტებით არაფერი ვიცი.
- როგორ შეიტყო ოჯახმა მომხდარის შესახებ?
- ეს უბედურება რომ მოხდა, პოლიციამ დედას დაურეკა. ჯერ ეგონა, კლინიკაში მიჰყავდათ, სამხარაული რომ გაიგო, მიხვდა რაც ხდებოდა... კლინიკაში ბავშვთა განყოფილებაში მუშაობს და ახლა ამბობს, რამდენი სხვისი შვილი გადამირჩენია და საკუთარი ვერ გადავარჩინეო...
გავრცელდა არასწორი ინფორმაციაც. სოციალურ ქსელში დაწერეს, რომ თითქოს მარიამი დრიფტაობდა, ან ის იჯდა მძღოლის მანქანაში, მსგავსი არაფერი ყოფილა. მაგაზე გავმწარდი, როგორ არ რცხვენიათ, რადგან ბავშვი გარდაცვლილია და ვერაფერს იტყვის, ის სამი გოგო, იმედი მაქვს, გადარჩებიან და კარგად იქნებიან, ხომ იტყვის სიმართლეს. როგორც თქვეს, მძღოლი ადგილიდან მიიმალა, მანქანიდან გადახტა და გაიქცა. მერე პოლიციას აუყვანია.
დედამისი ჭკუაზე არ არის. ყოველ წუთს მოსულიერება სჭირდება, ყოველ წუთს გული მისდის. მარიამს ჩვენ ვეღარაფერს ვუშველით, დამთავრდა მარიამი... იქნებ სახელმწიფომ სხვაგვარად აკონტროლოს ეს სიტუაცია. იყოს მკაცრი ჯარიმები, ერთი, ორი რომ დაისჯება, სხვა ვეღარ გაბედავს.
- მარიამი იყო აბიტურიენტი, საუბრობდა საკუთარ გეგმებზე?
- იცით რამდენი გეგმა ჰქონდა მარიამს? ისე ლამაზად წარმოედგინა თავისი მომავალი... და ვიღაც თავხედმა, მის გართობას ანგელოზივით სიცოცხლე შეიწირა. მესმის, არავის უნდა ვინმე მოკლას, მაგრამ კანონს რომ არღვევ, უნდა დაისაჯო.
მარიამი ძალიან ჭკვიანი ბავშვი იყო. 2017 წელს გარდამეცვალა მამა, მაშინ 12 წლის იყო. დილით მოდიოდა, ჭირისუფლად ჯდებოდა და სანამ ჩვენ, შვილები არ ავდგებოდით, იქამდე იჯდა. წარმოგიდგენიათ, როგორი ნებისყოფა ჰქონდა? ძალიან ძლიერი ბავშვი იყო... ძალიან ბევრი დადებითი თვისება ჰქონდა, რომელიც ამ პატარა გოგონაში გაკვირვებას იწვევდა.
მარიამს უფროსი და ჰყავს, რომელიც ახლა ფეხმძიმედაა. გუშინ კლინიკაში უნდა დაეწვინათ და საკეისრო კვეთა ჩაეტარებინათ, კარგი ანალიზები არ აქვს, მაგრამ ეს ამბავი მოხდა.... საშინელი მდგომარეობაა, ცოდვის ტრიალი ამ ოჯახში.
ცნობისთვის, შემთხვევა 23 იანვარს მოხდა გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276 მუხლით დაიწყო. მძღოლი დაკავებულია.