მსოფლიოს 10 მუზეუმი, რომელსაც უნდა ეწვიო - Best Life-ის სიაში საქართველოც შევიდა

ტურიზმი

სამოგზაურო და გასართობი ამერიკული გამოცემა BestLife მკითხველს საქართველოში მოგზაურობასა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის დათვალიერებას ურჩევს.  ზაქარი მაქის სტატიაში  „10 საუკეთესო მუზეუმი რომელსაც უნდა ეწვიო“ საქართველოს ეროვნული მუზეუმი მსოფლიოს წამყვან მუზეუმებს შორის აღმოჩნდა.  სტატიაში საქართველოს, აშშ-ის, ჰოლანდიის, საბერძნეთის, თურქეთის, ახალი ზელანდიის,  ისრაელის, თურქეთისა და ეგვიპტის მუზეუმებია აღწერილი.

„დედამიწაზე არ არსებობს კუთხე, რომელსაც საკუთარი ისტორია არ ჰქონდეს, მაგრამ ექსპერტების აზრით საქართველოს ეროვნული მუზეუმის გავლენა საზღვრებს სცდება და ვიზიტორებში აღფრთოვანებას იწვევს“,- წერს ზაქარი მაქი.

სტატიაში National Geographic-ის მოგზაური მწერლის ჯო იოგერტის ციტატაა მოყვანილი.  ჯო იოგერტმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმოგზაურა და National Geographic-ის სპეციალური გზამკვლევისთვის თბილისის შესახებ სტატია მოამზადა.

„საქართველოს ეროვნულ მუზეუმში შეკრებილი კოლექციები საქართველოს მნიშვნელოვან როლს წარმოაჩენს ახლო აღმოსავლეთში, ევროპასა და კავკასიაში.  არქეოლოგიური საგანძური ყველაზე საოცარი ექსპონატია. აქ წარმოდგენილია საქართველოს სამეფოს ოქროსა და ვერცხლის რელიკვიები. მუზეუმში თქვენ იხილავთ საბჭოთა ოკუპაციის დარბაზს, სადაც საბჭოთა კავშირის მიერ ქართველი ერის ჩაგვრა, დისიდენტთა სისტემატური დახვრეტები და ქართული კულტურის განადგურების კამპანიაა ნაჩვენები,“-წერს National Geographic-ის მოგზაური მწერლის ჯო იოგერტი.