მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი: გავაგრძელებთ საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერას, რათა ძლიერი რეზოლუციის სისტემა იქონიოს. მსოფლიო ბანკს კვლავაც აქვს პატივი საქართველოს გვერდით იდგეს განვითარების ამ პროცესში

რონალდ პრაისი

საქართველოსა და "იბიარდს" შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს 35 მილიონი დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსის გამოყოფას "საქართველოში საბანკო რეზოლუციისთვის მზადყოფნის პროექტისთვის".

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში.

პროექტის ფარგლებში, განხორციელებული სამუშაო და სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებები ხელს შეუწყობს სებ-ის რეზოლუციის ჩარჩოს შემდგომ სრულყოფას, ეფექტიანობის ზრდასა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან დაახლოებას.

მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორის, როლანდ პრაისის განცხადებით, აღნიშნული დაფინანსება საქართველოს საფინანსო სექტორის მედეგობას უზრუნველყოფს.

"გვქონდა შესაძლებლობა ხელი მოგვეწერა საბანკო რეზოლუციის პროექტზე. ეს მცირე - 35 მილიონი დოლარის ოდენობის დაფინანსებაა, მაგრამ თავისი არსით დიდ საქმეს აკეთებს, რადგან საქართველოს საფინანსო სექტორის მედეგობას უზრუნველყოფს.

ამ პროექტით გავაგრძელებთ საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერას, რათა ძლიერი რეზოლუციის სისტემა იქონიოს. მსოფლიო ბანკს კვლავაც აქვს პატივი საქართველოს გვერდით იდგეს განვითარების ამ პროცესში", - განაცხადა როლანდ პრაისმა.