მშრალი ხველა, მაღალი სიცხე და კუნთების ტკივილი - რა უნდა ვიცოდეთ ვირუსული ინფექციების შესახებ

ალექსანდრე გოგინავა

საქართველოში ვირუსული ინფექციების შემთხვევების მატებაა. 

ექიმ-ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას განმარტებით, გრიპს მწვავე მიმდინარეობა ახასიათებს და ხშირად მაღალი ტემპერატურით იწყება.

„გრიპს ახასიათებს მწვავე მიმდინარეობა, ეს არის ძირითადად ცხელებით დასაწყისი, მშრალი ხველა, ყელის ტკივილი, შესაძლოა იყოს სახსრების, კუნთების ტკივილი. სიმპტომები 5-დან 7 დღემდე ხანგრძლივდება. რთულ შემთხვევებში შესაძლოა გაგრძელდეს 2 კვირამდე“, - აცხადებს ექიმი.

სპეციალისტის განმარტებით, გრიპის გართულებების მაღალი რისკის ქვეშ არიან ხანდაზმულები, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები და მცირეწლოვანი ბავშვები. თუ ამ ჯგუფებში შემავალ ადამიანებს გრიპი დაუდასტურდებათ, მნიშვნელოვანია, დროულად მიმართონ ექიმს.

როგორ დავიცვათ თავი ვირუსებისგან?

ექიმები გვირჩევენ, დავიცვათ ხელების ჰიგიენა, ხშირად გავანიავოთ დახურული სივრცეები, მოვერიდოთ ავადმყოფებთან ახლო კონტაქტს და რესპირატორული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, შესაძლებლობის ფარგლებში, შევამციროთ სხვებთან კონტაქტი.

მაღალი ტემპერატურის, სუნთქვის გაძნელების ან მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში აუცილებელია სამედიცინო დახმარების დროულად მიღება. განსაკუთრებით საყურადღებოა მცირეწლოვანი ბავშვებისა და სხვა რისკჯგუფების წარმომადგენლების მდგომარეობა.

✕