მშობლების საყურადღებოდ: შეიძლება თუ არა ზაფხულის არდადეგებზე ბავშვების მეცადინეობა? - ფსიქოლოგის რეკომენდაცია

bavshvi

რეკომენდებულია თუ არა საზაფხულო არდადეგების დროს ბავშვების მეცადინეობა? - ამ კითხვას, ფსიქოლოგი  ზაზა ვარდიაშვილი პასუხობს და ამბობს, რომ ზაფხულში ბავშვის მეცადინეობას ნეგატიური შედეგები აქვს: 

„ზაფხულის პერიოდი არის სწორედ იმით გამორჩეული, რომ ბავშვს აქვს საშუალება ჰქონდეს მეტი კონტაქტები, მეტი ახალი ნაცნობობა დაამყაროს, თამაშის მეშვეობით გამოიმუშაოს უნარები, რაც მერე ცხოვრებაში გამოადგება.

ზოგადად „ვამეცადინოთ“ არასწორი მიდგომაა ზაფხულშიც და სკოლის პერიოდშიც. მნიშვნელოვანია ბავშვს დავეხმაროთ, რომ მან პირველი კლასიდანვე გაითავისოს, რომ დამოუკიდებლად აკეთოს თავისი საქმე.

მშობლების მაგალითი იძლევა საშუალებას, რომ ბავშვმა ამ მიმართულებით იაროს. როდესაც ის ხედავს, რომ მშობლები კითხულობენ, მასაც უჩნდება ამის სურვილი. ნებისმიერი ძალდატანება, თუნდაც მეცადინეობის მხრივ, აბსოლუტურად არასწორია.

ნებისმიერი ზეწოლა იწვევს უკურეაქციას. ზაფხულში მეცადინეობამ შეიძლება დიდი ნეგატივი გამოიწვიოს სწავლის მიმართ, ცუდად იმოქმედოს ბავშვის ფსიქო-ემოციურ სისტემაზე, ასევე მშობლის ფსიქო-ემოციურ სისტემაზე.

სოციალური უნარების გარეშე ადამიანის წარმატება არ არსებობს. რაც გინდა განათლებული იყოს, თუ მისი განათლების, ცოდნის პრეზენტაციის უნარი არ აქვს, ის დიდი მიღწევების მოპოვებას ვერ შეძლებს ცხოვრებაში. ზაფხული ამისთვის გამოვიყენოთ, სჯობს,“- მოცემულ საკითხზე ზაზა ვარდიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ახალი დღე“ ისაუბრა.