მკვლევრებმა დაასახელეს დღის მონაკვეთი, როცა გამოცდის ჩაბარება საუკეთესოა

გამოცდები

მკვლევრებმა იტალიის უნივერსიტეტში ჩატარებული 100 000-ზე მეტი ზეპირი გამოცდის შედეგები გააანალიზეს და გამსვლელი მაჩვენებლებით აღმოაჩინეს, რომ სტუდენტები გამოცდას შუადღისით აბარებდნენ ყველაზე მეტად, მიუხედავად მათი ბიოლოგიური საათისა, ანუ ბუები იყვნენ, ტოროლები თუ სხვა… საუკეთესო პერიოდად დილის 11 საათიდან პირველ საათამდე პერიოდს ასახელებენ, რადგან უფრო ადრე ან გვიან გამოცდის ჩაბარების შანსები მნიშვნელოვნად მცირდება. 

და რატომ ხდება ასე? — სავარაუდოდ, იმიტომ, რომ სწორედ ამ პერიოდში უმჯობესდება თქვენი კოგნიტიური უნარები, თუმცა აქ გარკვეულ როლს ენერგიის დონეებიც თამაშობს. მაგალითისთვის, თუ გამოცდა შუადღეს მოგვიანებით გაქვთ დანიშნული, სავარაუდოდ, დღის მანძილზე ინერვიულებთ, სტრესი კი ნაკლებ პროდუქტიულობას მოგცემთ შედეგად.

მეცნიერები გვეუბნებიან:

„შესაძლოა, შუადღისას გამოცდების ჩაბარების მაჩვენებლის პროგრესული კლება ეგოს გამოფიტვით იყოს გამოწვეული, რადგან სტუდენტებისა და შემფასებლების კოგნიტიური რესურსები ცვდება, თვითკონტროლის უნარს აფერხებს და საბოლოოდ გამოცდების ჩაბარების შემცირებულ მაჩვენებლებს გვთავაზობს.

კონკრეტულად, გამოფიტვამ ან მოქნილობის შემცირებამ, რაც კოგნიტიური რესურსების დაქვეითებას უკავშირდება, შესაძლოა, შემფასებლები უარყოფისკენ მიდრეკილნი გახადოს, რაც ესადაგება დასკვნას, რომ ეგოს გამოფიტვის მდგომარეობაში მყოფი მოსამართლეები უფრო მეტად იღებენ ბრალდებულებისთვის ნაკლებად ხელსაყრელ გადაწყვეტილებებს.

ზემოთ მოცემული განმარტებების თანახმად, შუადღისას გამოცდის ჩაბარების მაჩვენებლის პიკი, შესაძლოა, ქრონოტიპის შესაბამისობასა და გონებრივ გამოფიტვას შორის ოპტიმალურ ბალანსს წარმოადგენდეს“.

ამგვარად, თუ შანსი გაქვთ, თავადვე შეარჩიოთ გამოცდის, შეხვედრისა თუ მნიშვნელოვანი სამსახურებრივი ინტერვიუს დრო, ჯობს ამისთვის 11-დან 1 საათამდე პერიოდს მიანიჭოთ უპირატესობა.