1731009381
მის უწმინდესობას განსაკუთრებული პატივისცემითა და სიყვარულით ვულოცავ დაბადების დღეს - ბედნიერია ერი, რომელსაც ასეთი სულიერი წინამძღვარი ჰყავს - ირაკლი ღარიბაშვილი
მის უწმინდესობას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს განსაკუთრებული პატივისცემითა და სიყვარულით ვულოცავ 91-ე დაბადების დღეს, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მისალოც განცხადებაში.
ღარიბაშვილის თქმით, ბედნიერია ერი, რომელსაც ასეთი სულიერი წინამძღვარი ჰყავს.
„ბედნიერია ერი, რომელსაც ასეთი სულიერი წინამძღვარი ჰყავს. თითქმის ნახევარი საუკუნეა, მისი უწმინდესობის სიბრძნითა და მოყვასისადმი სიყვარულით გამორჩეული მოღვაწეობა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ჩვენი სამოქალაქო და სულიერი ცხოვრების განვითარებაში, ქართველთა ერთობის განმტკიცებაში, საზოგადოებაში უზენაეს ფასეულობათა დამკვიდრებაში.
ზნეობის, სულიერი სიმშვიდისა და შორსმჭვრეტელობის მაგალითები, რომელთაც ჩვენი პატრიარქი საკუთარი ცხოვრებით გვიჩვენებს, სანიმუშოა არამხოლოდ მართლმადიდებელთა, არამედ ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქისათვის. მისი ღვაწლი საქართველოს უდიდეს შვილთა მემკვიდრეობის გაგრძელება და მომავალ თაობათა სახელმძღვანელოა.
დღეგრძელობას, ჯანმრთელობას და მხნეობას ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს“, - ნათქვამია ღარიბაშვილის განცხადებაში.