პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა კონფერენცია „ევროკავშირი-საქართველო – საქართველოს სრული ჩართულობა პროგრამაში Horizon Europe“ გახსნა და მონაწილეებს საქართველოში მეცნიერების განვითარების კუთხით გადადგმული ნაბიჯები გააცნო.
„სიამაყით მსურს აღვნიშნო, რომ 3 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერით, საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი ოფიციალურად წარადგინა. ეს არის უმნიშვნელოვანესი ეტაპი ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნებით დაგვირგვინდება. ისიც მოგეხსენებათ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის უშუალო ჩართულობით, საქართველო ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალი ჩარჩო პროგრამის, Horizon Europe-ის წევრი გახდა და საქართველოში Horizon Europe-ის ეროვნული ოფისი დაფუძნდა.
შესაბამისად, ეს მოვლენა გახლავთ უაღრესად მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ევროპულ ოჯახში დასაბრუნებლად განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ამ შეთანხმების საფუძველზე Horizon Europe-ის პროგრამის კონკურსებში საქართველოს წარმომადგენლები ისარგებლებენ ზუსტად ისეთივე პირობებითა და უფლებებით, როგორითაც ევროკავშირის ქვეყნების სამეცნიერო და ინოვაციების სფეროს წარმომადგენლები სარგებლობენ. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს შეეძლებათ, უხელმძღვანელონ მსხვილ საერთაშორისო სამეცნიერო კონსორციუმებს, ევროპელ კოლეგებთან თანამშრომლობით შეიმუშაონ და განახორციელონ საერთაშორისო სადოქტორო პროგრამები. მნიშვნელოვანია, შეიქმნას და განხორციელდეს სამეცნიერო პროექტები ევროკავშირის წამყვან კვლევით ინსტიტუტებთან თანამშრომლობით, რაც მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის ზრდას შეუწყობს ხელს“, - ჰანაცხადა მინისტრმა.
მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ საქართველოში მეცნიერების განვითარების კუთხით უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრი, რომლის განსავითარებლად ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. მინისტრის თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სივრცე. ადრონული თერაპიის ცენტრიც მთლიანად ფონდი „ქართუს“ მიერ არის დაფინანსებული. ცენტრში განთავსდება ორი ციკლოტრონი, რომელთა დამზადება მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან კომპანიაში (IBA) მიმდინარეობს.
მინისტრმა აღნიშნა, რომ გასულ წელს ბელგიაში ვიზიტის ფარგლებში IBA-ში ციკლოტრონების ტესტირების პროცესს პირადად დაესწრო, შესაბამისად, ადრონული თერაპიის ცენტის განვითარება დასახული გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და პირველ პაციენტს კლინიკა 2024 წელს მიიღებს.
ადრონული თერაპიის ცენტრის ერთი ციკლოტრონი მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას, მეორე კი განკუთვნილი იქნება სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში. მინისტრის თქმით, ის ფაქტი, რომ ერთი ციკლოტრონი მთლიანად კვლევისთვის იქნება განკუთვნილი, განსაკუთრებულ დაინტერესებას იწვევს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების მხრიდან. არაერთმა ცნობილმა უცხოელმა მეცნიერმა უკვე გამოთქვა სურვილი, ქართველ კოლეგებთან ერთად ჩაერთოს კვლევით პროცესში. მიხეილ ჩხენკელმა იმედი გამოთქვა, რომ ადრონული თერაპიის ცენტრის ბაზაზე უცხოეთის კვლევითი დაწესებულებების ჩართულობით Horizon Europe-ის დაფინანსებული მრავალი პროექტი განხორციელდება.
მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ადრონული თერაპიის ცენტრის საკვლევი თემატიკა ზუსტად ეხმიანება Horizon Europe-ის 2030 წლის მიზნებს, რომლის პრიორიტეტი სწორედ სიმსივნურ დაავადებებთან ბრძოლის მიმართულების პროექტების დაფინანსება წარმოადგენს. ამ მხრივ საქართველოს უნიკალური შესაძლებლობა ეძლევა, სამედიცინო ფიზიკაში წარმართული კვლევების მთავარი მონაწილე გახდეს და მსოფლიო მასშტაბით თავისი ღირსეული სიტყვა თქვას.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამართულ კონფერენციაში მონაწილეობა ასევე მიიღეს ინოვაციების, კვლევის, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის ევროკომისარმა მარია გაბრიელმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა, Horizon Europe-ის საქართველოს ეროვნული ოფისის ხელმძღვანელმა მაია ოკუჯავამ, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა.