1731519914
Microsoft-მა კლავიატურას ახალი ღილაკი დაამატა
Microsoft-მა კლავიატურას ახალი ღილაკი დაამატა, ეს მოულოდნელი სიახლე იყო, რადგან თითქმის 30 წელია, რაც კლავიატურაზე არაფერი შეცვლილა. ახლა კი Microsoft ტრადიციულ Windows-ის კლავიატურას Copilot-ის ღილაკს ამატებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს სიახლე მალე კომპანიის პარტნიორი ბრენდების კომპიუტერებშიც შეგხვდებათ.
2024 წელი ტექნიკურმა გიგანტმა „AI PC-ის წლად მიიღო“. ამ ნაბიჯსაც კომპანიაში ხელოვნური ინტელექტისა და მომხმარებლის ინტერაქციის გაძლიერების შანსად მიიჩნევენ. Copilot-ის ღილაკი კი პროცესს გაამარტივებს, მომხმარებლებს ყოველდღიური ამოცანების გაკეთების შესაძლებლობას AI-ის საშუალებით მისცემს — უბრალოდ ღილაკს უნდა დააჭიროთ და Copilot-ის გენერაციული AI ასისტენტი Windows 10-სა და Windows 11-ზე გააქტიურდება. სხვა შემთხვევაში Windows Search-ში გაიხსნება.
რაც შეეხება კლავიატურის დიზაინს, სავარაუდოდ, ახალი ღილაკი ისრისა და მარჯვენა Alt ღილაკებს შორის დაიკავებს ადგილს. თუმცა, შესაძლოა, ეს კლავიატურის ზომისა და დიზაინის მიხედვით განსხვავდებოდეს.
„Copilot-ის ღილაკის შემოტანა მნიშვნელოვანი ცვლილებაა Windows PC-ის კლავიატურებში. გვჯერა, რომ ეს უბიძგებს ადამიანებს, AI ტრანსფორმაციებში მეტად მარტივად ჩაერთონ. დაახლოებით 30 წლის წინ ჩვენ გაგაცანით Windows-ის ღილაკი კლავიატურაზე, რამაც მსოფლიოს მასშტაბით ადამიანებს Windows-თან ინტერაქციის საშუალება მისცა. ახლა კი ამასაც ტრანსფორმაციულ მომენტად მივიჩნევთ, Copilot კომპიუტერებში AI სამყაროს გასაღები იქნება“, — აცხადებს იუსუფ მეჰდი, Microsoft-ის ვიცე-პრეზიდენტი.
ახალი AI ღილაკის დებიუტი CES-ზე შედგა და, როგორც ვიგებთ, იგი მომავალ Surface-ის მოწყობილობებსაც დაემატება.
წყარო: marketer.ge