„მგონი, იმედი გამიცრუვდა... პოლიციაც ამბობს, რომ არაა ეს კაცი გიო... აღმოჩნდა, რომ ლეპტოპი არ წაუღია" - დაკარგული პროფესორის მეუღლე

გიორგი გახელაძე

„ჟურნალისტებს ვთხოვ, ინფორმაცია გიორგის პოვნასთან დაკავშირებით არ გაავრცელონ. ეს პიროვნება ძალიან ჰგავს, მაგრამ ის არ არის. დღეს წერეთლიდან რამდენიმე ზარი იყო, რომ დაინახეს. სავარაუდოდ, ვიღაც დადის, ვინც ძალიან ჰგავს. იმდენად, რომ მეც კი ამერია" - ამის შესახებ დაკარგული პროფესორის, გორგი გახელაძის მეუღლე ირმა მალაციძე სოციალურ ქსელში წერს.

ცნობისთვის, დღეს, დაკარგული პროფესორის მეუღლემ დაწერა, რომ კამერებში მეუღლე ამოიცნო.

მისივე თქმით, სახლში გიორგი გახელაძის ლეპტოპი იპოვეს.

"ხალხო, პოლიციაც ამბობს, რომ არაა ეს კაცი გიო. უბრალოდ ძალიან ჰგავს. მგონი, იმედი გამიცრუვდა. წერეთელზე ძალიან ბევრი გვეუბნება, რომ დღეს ნახეს მსგავსი ადამიანი. მისი სტუდენტი ამბობს, რომ შორიდან დაინახა, ძალიან ჰგავდა და ვერ დავეწიეო. ან ვინმე ორეული ჰყავს, ან არ ვიცი უკვე!

ლეპტოპი ვიპოვეთ სახლში. უბრალოდ, ჩანთა იდო სხვაგან, სადაც არ ინახავდა ხოლმე. ამიტომ ყურადღება არავის მიუქცევია. ლეპტოპის ბევრი ჩანთა გვაქვს და ამიტომ. აღმოჩნდა, რომ არ წაუღია ლეპტოპი. მოკლედ, ყველაფერი თავიდან იწყება..." - წერს ირმა მალაციძე.

გიორგი გახელაძეს თბილისში რამდენიმე დღეა ეძებენ.