იმედი მაქვს, რუსეთი სწორად მოიქცევა - დონალდ ტრამპი
1741885792
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა ანა კალანდაძის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება.
სხდომა გახსნა და შესავალი სიტყვა წარმოთქვა აკადემიის პრეზიდენტმა, ბატონმა როინ მეტრეველმა.
შემდეგ ნაჩვენები იყო მოკლე დოკუმენტური ფილმი ანა კალანდაძის შესახებ.
სიტყვით გამოვიდნენ ავთანდილ არაბული, მაყვალა გონაშვილი, იოსებ ჭუმბურიძე, ჯემალ დავლიანიძე, საბა მეტრეველი, დავით შემოქმედელი, პაატა ნაცვლიშვილი და თინა ყანდარელი.
ღონისძიებაზე ანა კალანდაძის ლექსები წაიკითხეს მე-20 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა.
ღონისძიების დაწყებამდე ,,პრაიმტაიმი” ანა კალანდაძის ოჯახის წევრს, ქალბატონ თინა ყანდარელს გაესაუბრა.
თინამ ანა კალანდაძის პიროვნების შესახებ ისაუბრა და ასევე გაიხსენა, როგორი ურთიერთობა ჰქონდათ ოჯახში.
„45 წელი გავატარეთ მე და ანამ ერთ ჭერქვეშ. ის 15 წლით უფროსი იყო ჩემზე. მიუხედავად ასაკის სხვაობისა, ძალიან მალე დავმეგობრდით და როგორც მეგობრები ისე ვიყავით. ანა იყო ჩემი უახლოესი ადამიანი და მეც ასევე მისთვის. ძალიან რთული პიროვნება იყო, პატივსაცემი, ყოველ სიტყვას აწონვა და გაფრთხილება უნდოდა ანასთან - შინაურის მხრიდანაც და გარეულის მხრიდანაც. თავის ქვეყანაზე და ენაზე უზომოდ შეყვარებული. ძალიან ბევრი კარგი დღე მახსოვს მასთან ერთად გატარებული. ბედნიერი ვარ, რომ ანას არ ივიწყებენ და არც არასოდეს დაივიწყებს ქართველი ხალხი“,- ამბობს ანა კალანდაძის რძალი, თინა ყანდარელი.
ანა კალანდაძის შესახებ აკადემიკოსმა ავთანდილ არაბულმაც ისაუბრა: „შესრულდა 100 წელი ანა კალანდაძის დაბადებიდან. მისი სახელი და პოეზია, მისი ყოველი ხსენება ყველა ქართულ ოჯახში არის ნამდვილი დღესასწაული. იმ პირველივე დღიდან, როდესაც ქალბატონმა ანამ წაიკითხა ლექსები (1946 წლის 25 მაისს), აღმოჩნდა, რომ ომის შემდგომ ეს იყო ნამდვილი დღეობა მთელს საქართველოში. ერთი სტუდენტის ლექსებმა მაშინ ფურორი მოახდინა და მას შემდეგ ანას სახელი ქართული პოეზიის დიდ თანავარსკვლავედში ბრწყინავს შეუდარებლად. მართლაც, ეს არის განსაკუთრებული მნიშვნელობის პოეტი, რომელსაც არ სჭირდება შეღავათები გენდერული თვალსაზრისით. მას აქვს ჭეშმარიტი პოეზია, რომელსაც დრო არათუ აკლებს რაიმეს, არამედ პირიქით. ყოველი წლის და აგერ უკვე საუკუნის გასვლის შემდეგ, უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს მისი სახელი და პოეზია“.
იოსებ ჭუმბურიძე: „ვაჟა-ფშაველა წერს: ,,მე განთიადად მიმაჩნია, როცა ერი თავის ღირსეულ შვილს ღირსეულად აფასებს“. სწორედ ასეთი განთიადი დგას დღეს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში. ლოგიკური და სიმბოლურია, რომ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია აღნიშნავს ანა კალანდაძის დაბადებიდან 100 წლის თავს. ანა კალანდაძე იყო ამ აკადემიის წევრი, პოეტი აკადემიკოსი, ამ სამეცნიერო დაწესებულების დამამშვენებელი. ანა კალანდაძე, რა თქმა უნდა, არც მეცნიერებათა აკადემიას ეკუთვნის, არც ენათმეცნიერების ინსტიტუტს, ის მთელი საქართველოს კუთვნილებაა. მისი პოეზია განფენილია ყველგან. ამაზე მეტყველებს თუნდაც ის ორწიგნეული, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოიცა საქართველოს კულტურის სამინისტროს ეგიდით. ეს არის ანა კალანდაძის 100 ლექსი ბადრი ვადაჭკორიას 200 ფოტოს თანხლებით. ორწიგნეული ჰქვია იმიტომ, რომ მეორე შემადგენელი ნაწილი არის ანას რვეული, საიდანაც მან თავისი პირველი ლექსები ყველას გააცნო. ანა კალანდაძის ლექსები იცის ყველამ, მის ლექსებზე მღერის მთელი საქართველო და ანა კალანდაძე უკვდავების ბინადარია და იცოცხლებს საქართველოსთან ერთად. ამიტომ მისი იუბილეს აღნიშვნა ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და სრულიად ერისთვის. მისი სახელი მუდამ უნდა გვახსოვდეს, მისი დავიწყება შეუძლებელია“.