„მეთონეს შვილი ჰყავს სამკურნალო... მემწვანილეს ბიჭი მოსაწყობია უმაღლესში... “ - რას წერდა გივი ბერიკაშვილი ბლოკნოტში, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ იპოვეს

გივი ბერიკაშვილი

საქართველოს სახალხო არტისტის, ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობის, გივი ბერიკაშვილის გარდაცვალებიდან 8 წელი გავიდა. რეჟისორი სანდრო ელოშვილი სოციალურ ქსელში მსახიობთან დაკავშირებულ ემოციურ ამბავს იხსენებს.

„8 წლის წინ, ამ დღეს, მთელი ღამე ტაშკენტის ქუჩაზე ვიდექით საავადმყოფოსთან... დაახლოებით დილის 4 საათისკენ ექიმებმა დაგვამშვიდეს და სახლში გამოგვიშვეს... რომ დავიშალეთ, მალევე გარდაიცვალა ძია გივი! ზურიკოს მისი ტანსაცმელი გამოატანეს, სანამ სახლში აიტანდა ჯიბეები მოჩხრიკა, რამე ისეთი ხომ არ უდევს, სახლში რომ არ უნდა ნახონო... პატარა ბლოკნოტი იპოვნა, თხოვნებით სავსე...

მეთონეს შვილი ჰყავს სამკურნალო, ამასთან და ამასთან უნდა მივიდე... მემწვანილეს ბიჭი მოსაწყობია უმაღლესში, ის უნდა შევაწუხო... ხილ-ბოსტნის ქალი ბინის ქირას ვერ იხდის... სულ შესასრულებელი თხოვნები... თავისთვის არაფერი, სხვებისთვის... და ის სხვებიც ისეთები... ვერ იტყვი რამე გამორჩენას ან ხეირს ნახავდა მათგან ადამიანი... არ იზარებდა, აკეთებდა... ასეთი იყო ნამდვილად! ზურიკოც ასეთი იყო...

ახლა აღარც გივია და აღარც ზურიკო...
8 წლის წინ გივი წავიდა ამ ქვეყნიდან!“, - წერს რეჟისორი სოციალურ ქსელში.