„მეტის გაგრძელებას ვეღარ შევძლებ... არ მინდა, შენი დაბადების დღისთვის ცრემლი მისველებდეს სტრიქონებს“ - ხარხელაურის ემოციური პოსტი მეგობარზე

ტარიელ ხარხელაური

დღეს თამაზ მეჭიაურის დაბადების დღეა. ქართველი პოლიტიკოსი 68 წლის გახდებოდა. 

გარდაცვლილს უახლოესი მეგობარი, პოეტი ტარიელ ხარხელაური იხსენებს და ემოციურ პოსტს უძღვნის.

„ჩემო თამაზ! ჩემო მეგობარო!

ვიდრე ცოცხალი ვარ, სხვა დროში და სხვანაირად შენთვის დაბადების დღის მოლოცვა გამიჭირდება... უხდებოდი სოფელს, მაგრამ სოფელმა ვერ მოგიხდინა....უხდებოდი სამეგობროს, უხდებოდი შენს ქვეყანას, ყველაზე დიდსა და ყველაზე წმიდას.

როგორც კარგ ყმას შეჰფერის, გყავდა მტერი, მაგრამ შენი უზარმაზარი კაცობით არავის მტრობა არ შეგეძლო... დადიოდი წუთისოფელში, ამ ბინდისფერ წუთისოფელში, სიყვარული და სითბო დაგქონდა. გყავდა და გყავს დიდი სამეგობრო, დიდი კაცების, ამ დიდი კაცების სამეგობროშიც დიდი ხარ და განსხვავებული. ახლაც ვერ გავრკვეულვარ, რა ძალა გქონდა, რა მადლს ასხივებდი, რომ შენ ირგვლივ მყოფთ შენით ამხნევებდი, შენით ამზიანებდი... ან კი რა გასაკვირია, შენს ნაბიჯსაც და შენს ღიმილსაც სხვა შნო და სხვა ლაზათი ჰქონდა, სხვანაირად გვავსებდა, სხვანაირად გვეიმედებოდი...

ვწერ ამ სტრიქონებს, გულში ჩაგუბებულ ცრემლს გარეთ გამოტანის საშუალებას არ ვაძლევ,. რადგან არ მინდა, შენი დაბადების დღისთვის ცრემლი მისველებდეს სტრიქონებს, ასეთი სტრიქონები შენნაირი კაცების სულს სილაღეს დააკლებენ, თუმცა, დაკვირვებული თვალისთვის სილაღე შენი გარეგნული ხასიათი იყო, თორემ გულში შენი სამშობლოს ტკივილი, გაუგონარი ღალატის ტკივილი მუდმივად სახლობდა... მეტის გაგრძელებას ვეღარ შევძლებ... უბრალოდ, როგორც გვჩვევია - ლომო, როგორ ხარ?... ჩვენი უღალატო სამეგობროს სახელით გილოცავ დაბადების დღეს...“ - დაწერა პოეტმა.

ცნობისთვის, თამაზ მეჭიაური მიმდინარე წლის 15 თებერვალს 67 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსით ინფიცირება გახდა.

თამაზ მეჭიაური 1954 წლის პირველ დეკემბერს სოფელ ჟებოტაში დაიბადა. დაამთავრა თბილისის კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა-ინტერნატი, შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი.

2012–2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე. 2016 წელს დააფუძნა პარტია „ერთიანი საქართველოსთვის“. 2017 წელს აირჩიეს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერად. 2020 წელს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზეზით თანამდებობიდან გადადგა.