1774295087
მამები უწყვეტ რეჟიმში აღასრულებენ პანაშვიდებს, მონაზვნები უწყვეტად კითხულობენ ფსალმუნებს და ყველას აქვს შესაძლებლობა, საფლავთან ახლოს მივიდეს - არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვის შემდეგ, სიონის საკათედრო ტაძარში მოქალაქეების ნაკადი არ წყდება. სამგლოვიარო ცერემონიის შემდეგ, ტაძარში ასობით ადამიანი მიდის.
მართლმადიდებლური ტრადიციით, გარდაცვალებიდან პირველ შვიდ დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ილია მეორის საფლავზე პანაშვიდები მგალობლების თანხლებით აღესრულება.
"8 დღე შესრულდა, რაც ჩვენი უწმინდესი ამ ქვეყნად აღარ არის და ღვთის წინაშე წარდგა. ყველამ კარგად დაინახა, თუ რამხელა სიყვარული გააჩნდა ერს მის მიმართ და ეს ყველაფერი უწმინდესმა თავისი სიყვარულის ასე უპირობო გაცემით დაიმსახურა. მამები უწყვეტ რეჟიმში აღასრულებენ პანაშვიდებს, მონაზვნები უწყვეტად კითხულობენ ფსალმუნებს და მრევლს, მომლოცველებს, ყველას აქვთ შესაძლებლობა, რომ საფლავთან ახლოს მივიდნენ," - აცხადებს არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი.
მრევლი ტაძარში მიდის და ერთად ლოცულობს. საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, სიონის ტაძარი მოქალაქეებისთვის ყოველდღე, დილის 08:00-დან საღამოს 22:00-საათამდე ღიაა.
"ჩემთვის, ისე როგორც ყველა ქართველისთვის, ილია მეორე იყო ეპოქალური ადამიანი. იყო უდიდესი პიროვნება, რომელმაც მართლმადიდებელი სამყარო შეკრა ერთ მუჭად," - აცხადებს მრევლის ერთ-ერთი წევრი.










