1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
კომპანია „მაკდონალდს საქართველო“ Mc Happy Day-ის ტრადიციულ საქველმოქმედო კამპანიას იწყებს.
McHappy Day-ის კამპანიის მთავარი მიზანი, გასული წლების მსგავსად, სხვადასხვა განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვთა გარემოს გაუმჯობესება, საზოგადოებასთან ინტეგრაცია და მათი განათლების ხელშეწყობაა.
კამპანიის ფარგლებში „მაკდონალდსი“ ორგანიზაცია „პირველ ნაბიჯს“ დაეხმარება. კერძოდ, „მაკდონალდს საქართველო“ უზრუნველყოფს დიღომში, გლდანსა და ისანში მდებარე ორგანიზაციის სამი ფილიალის მოწყობასა და აღჭურვას ყველა საჭირო შესაბამისი ინვენტარით.
ამასთან აღსანიშნავია, რომ „მაკდონალდსის“ კამპანიის ფარგლებში აღიჭურვება რუსთავის ფილიალი, რის შედეგადაც ბავშვები სახელმწიფო სერვისებით სარგებლობას რუსთავში უფასოდ შეძლებენ.
რაც შეეხება დიღმის და ისნის ფილიალებს, ამ ფილიალებში განახლდება სხვადასხვა სახარჯი მასალები და საჭირო ინვენტარის ნაწილი.
„პირველი ნაბიჯი“ ამ ეტაპზე განსაკუთრებული საჭიროებების მქონე 900-ზე მეტ ბავშვს ემსახურება ყოველთვიურად. ჯამურად ორგანიზაციაში 10-მდე პროგრამა ხორციელდება. კონსულტაციის და თერაპიის ცენტრი ადრეული ასაკის ბავშვებს და მათ მშობლებს, ხოლო დღის ცენტრის და ბინაზე მოვლის პროგრამები 53 მძიმე ინტელექტუალური და ქცევითი დარღვევების მქონე 6-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებს ემსახურება.
საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში მომხმარებლებს შეუძლიათ შეიძინონ „პირველი ნაბიჯის“ ბენეფიციარი ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები, რომლებიც აიკინძა გასაფერადებლის სახით, ასევე ფერადი ფანქრები, ბავშვების მიერ შესრულებული ნახატების მიხედვით დამზადებული პოსტერები და სტიკერები. სპეციალურად ამ კამპანიისთვის შექმნილი აღნიშნული პრომოაქსესუარები „მაკდონალდსის“ ყველა რესტორანში გაიყიდება. გარდა ამისა, მომხმარებელს პრომო აქსესუარების შეძენა დელივერი სერვისითაც შეეძლება. ნებისმიერი ამ ნივთის შეძენისას მომხმარებელი ავტომატურად ჩაერთვება საქველმოქმედო კამპანიაში, რადგან ნივთების გაყიდვიდან შემოსული თანხა ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯის“ ბენეფიციარი ბავშვების განათლებას და პირობების გაუმჯობესებას მოხმარდება.
McHappyDay-ის წლევანდელი კამპანიის ოფიციალური პარტნიორია კომპანია „მასტერქარდი“, რომლის კონტრიბუციის შედეგად აქსესუარების გაყიდვით შემოსული თანხა ორმაგდება.
გარდა ამისა, მომხმარებელს შეუძლია აპლიკაციიდან ლოიალურობის პროგრამის საშუალებით 1000 ქულის სანაცვლოდ მოახდინოს 1 ლარის ოდენობის დონაცია მაკ ჰეფი დეის ფონდში.
„მაკდონალდსისთვის, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის, მნიშვნელოვანია განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების თანადგომა. „მაკდონალდს საქართველო“ რამდენიმე წელია უკვე მართავს McHappyDay-ის საქველმოქმედო კამპანიას, რომლის ფარგლებშიც ჩვენ არა ერთ ორგანიზაციას და ათეულობით ბავშვს დავეხმარეთ. წელს, ტრადიციულად, გადავწყვიტეთ კიდევ ერთ ბენეფიციარ ორგანიზაციას აღმოვუჩინოთ დახმარება და ჩვენი კამპანიით გავუფერადოთ ცხოვრება ბავშვებს. ჩვენი და ჩვენი მომხმარებლების ჩართულობით შეგროვილი თანხით განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის შევიძენთ ინვენტარს, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს „პირველი ნაბიჯის“ ბენეფიციარი ბავშვების არსებულ ყოფას და გაუფერადებს მათ ცხოვრებას“, - აღნიშნავს ალექსანდრე შენგელია, „მაკდონალდს საქართველოს“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
მაკდონალდსისთვის საქველმოქმედო საქმე კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია და ის ყოველწლიურად, McHappy Day-სა თუ სხვა კამპანიების ფარგლებში, მრავალ ორგანიზაციას ეხმარება მომხმარებელთა აქტიური ჩართულობით.
McHappy Day-ის საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში გასული წლების განმავლობაში მაკდონალდსმა ზუგდიდში, ქუთაისში, რუსთავში, თბილისსა თუ კოჯორში დახმარება გაუწია მრავალ ორგანიზაციას.
წლევანდელი კამპანია, რომლის მთავარი გზავნილია - გაუფერადე ცხოვრება ბავშვებს, ჰეშთეგით #McHappyDays გაიმართება და 30 ივნისს დასრულდება.