პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში მეტყევის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიებაზე სატყეო სექტორში განხორციელებული პროექტების პრეზენტაცია და სატყეო დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის წარმატებულ მეტყევეთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
მონაწილეებს სიტყვით მიმართეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ აპოლონ კაკაბაძემ, ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსმა კარლო ამირგულაშვილმა, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა კახა ცერცვაძემ.
„ჩემთვის დიდი პატივია, მოგილოცოთ მეტყევის დღე. მნიშვნელოვანია, რომ სულ უფრო მეტი ყურადღება ეთმობა სატყეო სექტორს, რომლის განვითარება ერთ და ორ დღეში არ ხდება. ყველას ძალიან კარგად გვახსოვს თუ საიდან დავიწყეთ და დღეს რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ. განვითარების დინამიკა, ის პროექტები, რომლებიც უკვე სახელმწიფოს მეტი ჩართულობით და დაინტერესებით, ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით და მათი გამოცდილების გაზიარებით მიმდინარეობს, იმედს გვისახავს, რომ უფრო სწრაფად და ეფექტურად მივაღწევთ იმ შედეგს, რაც, მათ შორის, ახალი „ტყის კოდექსით“ გვაქვს დასახული. ეს არის საკმაოდ ამბიციური, მაგრამ მიღწევადი გეგმა“, - განაცხადა მაია ბითაძემ.
კომიტეტის თავმჯდომარემ სატყეო სააგენტოს, სამინისტროს თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა და პარლამენტის, კომიტეტის სახელით მხარდაჭერა გამოუცხადა.
როგორც მაია ბითაძემ განაცხადა, საქართველოს პარლამენტი, სამინისტროსთან ერთად, ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ კიდევ უფრო გაუმჯობესდეს სატყეო სააგენტოს მუშაობის ხარისხი როგორც ტექნოლოგიური, ასევე ადამიანური რესურსების თვალსაზრისით.
ღონისძიებაზე წარმატებულ მეტყევეებთან ერთად, ჯილდოები ასევე გადაეცათ ეროვნული სატყეო სააგენტოს ცენტრალური აპარატის თანამშრომლებს და სააგენტოს საინფორმაციო კამპანიაში ჩართულ ცნობილ სახეებს.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.