ლეგენდარული ფეხბურთელის ვიტალი დარასელიას დედას შვილების გვერდით ოჩამჩირეში დაკრძალავენ

ოჩამჩირე

ლეგენდარული ფეხბურთელის ვიტალი დარასელიას დედას შვილების გვერდით ოჩამჩირეში დაკრძალავენ. ვიტალი დარასელიას საფლავის ფოტოს მისი შვილი, ქრისტინა დარასელია ავრცელებს, ის ბებიის გარდაცვალების გამო ჩავიდა აფხაზეთში.

თბილისის „დინამოს“ ლეგენდარული ფეხბურთელის,40 წლის წინ ტრაგიკულად დაღუპული ვიტალი დარასელიას დედა, ოკუპირებულ ოჩამჩირეში გარდაიცვალა.

"წამითაც არ უფიქრია აფხაზეთის დატოვება, რადგან იქ მისი შვილის საფლავი იყო...
გარდაცვლილა იქ სადაც საქართველოა....",- წერენ ოჯახის ახლობლები სოციალურ ქსელში.

ქრისტინა დარასელიას თქმით, ბებიას, მერი ბჟანიას ხვალ დაკრძალავენ შვილების გვერდით.

„დიახ, ოჩამჩირეში ვარ... გვერდით არის ვიტალის ძმის საფლავი და იქ დავკრძალავთ ბებიას", -უთხრა "პრაიმთაიმს" ქრისტინა დარასელიამ.
ვიტალი დარასელიამ თავისი კარიერის ძირითადი ნაწილი თბილისის „დინამოში“ გაატარა.
თასების მფლობელთა თასის გათამაშების ფინალში, 1981 წლის 13 მაისს, დიუსელდორფში თბილისის „დინამოსა“ და გერმანული გუნდის შეხვედრაზე ანგარიში 1:1 იყო. 87-ე წუთზე დარასელია ორ მცველს შორის ეფექტურად გაძვრა და გადამწყვეტი გოლით საბჭოეთის პერიოდის საქართველოს ერთ-ერთი იშვიათი ბედნიერება მიანიჭა, გუნდს კი თავის ისტორიაში ყველაზე დიდი გამარჯვება მოუტანა.