1786001284
ლაგოდეხში წყალმომარაგების პროექტთან დაკავშირებით საჯარო განხილვა გაიმართა
საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის, გიორგი კობერიძის განცხადებით, მოსახლეობის ჩართულობა ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია.
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი პროექტები ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებისა და რეალური საჭიროებების გათვალისწინებით განხორციელდეს. სწორედ ამიტომ, გადაწყვეტილების მიღებამდე საზოგადოებას ვაცნობთ პროექტის შესაძლო ტექნიკურ გადაწყვეტებს, ვისმენთ მათ მოსაზრებებს და უზრუნველვყოფთ პროცესის მაქსიმალურ გამჭვირვალობას. თითოეული შენიშვნა და წინადადება შესაბამისი სპეციალისტების მიერ დეტალურად იქნება განხილული", – განაცხადა გიორგი კობერიძემ.
პროექტის საბოლოო ტექნიკური გადაწყვეტა ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების, შესაბამისი სპეციალისტების დასკვნებისა და საჯარო განხილვის ფარგლებში მიღებული მოსაზრებების საფუძველზე განისაზღვრება.
წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურული პროექტების საჯარო განხილვები ეტაპობრივად საქართველოს მასშტაბით ყველა შესაბამის მუნიციპალიტეტში გაიმართება. შეხვედრების მიზანია მოსახლეობის პროექტების დაგეგმვის პროცესში ადრეულ ეტაპზე ჩართვა, მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების გათვალისწინება, ასევე დაგეგმილი სამუშაოების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება.










