კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულ 104 ოჯახს თბილისის მერიამ ფართები გადასცა

კალაძე

კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულ 104 ოჯახს თბილისის მერიამ ფართები შპს „საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფის“ სამშენებლო ობიექტზე გადასცა.

მშენებლობა დიდ დიღომში, თავდადებულის #38-ის მიმდებარედ მიმდინარეობს. მიმდინარე მშენებლობა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ირაკლი თავართქილაძემ დღეს ფართების მომავალ მესაკუთრეებთან ერთად დაათვალიერეს.

მერიის ინფორმაციით, დაზარალებულებს აღნიშნულ ობიექტზე ჯამში, 9160 კვ. მეტრი საცხოვრებელი ფართი გადაეცათ.

„კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ოჯახების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების მიზნით გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვის ფარგლებში ჯამში, 26 ობიექტზე გამოვლინდა გამარჯვებული. მშენებლობა დასრულებულია 4 პროექტზე და ფართები უკვე გადაეცა 154 ოჯახს; მშენებლობის ეტაპზეა 15 პროექტი, რომელზეც გაცემულია სამშენებლო ნებართვა და დაკმაყოფილდება 1000-მდე პირი; სანებართვო ეტაპზეა 5 პროექტი, რომლის ფარგლებშიც დაკმაყოფილდება 650-მდე პირი; ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზეა 3 პროექტი (გამოვლენილია გამარჯვებული ინვესტორი) და გათვალისწინებულია დაახლოებით, 350-მდე პირის დაკმაყოფილება. დაზარალებული ოჯახების რიგითობა სარეიტინგო ქულების მიხედვით განისაზღვრება.

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულები თბილისში 90-იანი წლებიდან გაჩნდნენ. საქართველოს სახელმწიფომ 1998 წელს დაახლოებით, 3500 ოჯახის მიმართ აღიარა ვალი, თუმცა დაზარალებულების დაკმაყოფილება წლების განმავლობაში ვერ მოხერხდა. თბილისის მერის, კახა კალაძის გადაწყვეტილებით, მისი მერობის პერიოდში კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულები სრულად დაკმაყოფილდებიან“, - აცხადებენ მერიაში.