1792094214
კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტო: საქართველოში 2026 წლის მესამე კვარტალში 2652 კონცენტრაცია დარეგისტრირდა
წინასწარ შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციების შესაძლო ფაქტების გამოვლენისა და მათზე რეაგირების მიზნით, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) 2026 წლის მესამე კვარტალში განხორციელებულ ოთხ კონცენტრაციასთან მიმართებით შესაძლო წინასწარი შეტყობინების ვალდებულების არსებობა გამოავლინა, - ვკითხულობთ კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"აღნიშნულ პერიოდში, ქვეყანაში 2652 ტრანზაქცია დარეგისტრირდა. მათ შორის 2641 შემთხვევა არ აკმაყოფილებდა წინასწარი შეტყობინების ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელ კრიტერიუმებს, ხოლო 11 შემთხვევა შეფასდა კონცენტრაციად და დააკმაყოფილა წინასწარი შეტყობინების ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელი კრიტერიუმი ერთობლივი წლიური შემოსავლების ნაწილშიც.
აღნიშნული 11 შემთხვევიდან 7 მოექცა კონკურენციის კანონმდებლობით განსაზღვრულ გამონაკლისებში, რამაც ისინი სააგენტოსთვის წინასწარი შეტყობინების წარდგენის ვალდებულებისგან გაათავისუფლა. რაც შეეხება დარჩენილ 4 შემთხვევას, იდენტიფიცირებული მონაცემების მიხედვით, სავარაუდოდ, არსებობდა კონცენტრაციის თაობაზე სააგენტოსთვის წინასწარი შეტყობინების წარდგენის ვალდებულება, შესაბამისად, 4 შეთხვევის მიმართ საქმის წარმოება დაიწყო.
GCCA-მ 2026 წელს 12 კონცენტრაციაზე გასცა თანხმობა.
ინფორმაციისთვის: საქართველოს კანონმდებლიბის მიხედვით, GCCA-სთვის წინასწარ სავალდებულო წერილობით შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია, თუ მისი მონაწილე პირების ჯამური ერთობლივი შემოსავალი საქართველოს ტერიტორიაზე, შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულების წარმოშობის წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, 20 მლნ ლარს აღემატება და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის ერთობლივი შემოსავალი 5 მლნ ლარზე მეტია," - ვკითხულობთ განცხადებაში.








