1786515716
კობა კობალაძე „დიდგორობა 2026“-ის ღონისძიებას დაესწრო
12 აგვისტოს, დიდგორობის სახალხო დღესასწაული აღინიშნება.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, დიდგორის ველზე, საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ ყაველაშვილთან, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, და, ასევე, საქართველოს თავდაცვის ძალებისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებთან ერთად, სახალხო დღესასწაულს „დიდგორობა 2026“, - ს დაესწრო.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ და დიდგორის ბრძოლის ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა და თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა.
„დიდგორობა 2026-ის“ ფარგლებში, ირაკლი ჩიქოვანმა, საომარი და საბრძოლო მოქმედებების დროს, ლიდერის თვისებების გამოვლენისა და გამოჩენილი მამაცობისათვის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით -‘’დიდგორის ჯვარი’’, საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვა.
სახელმწიფო ჯილდო – „დიდგორის ჯვრის ორდენი”, მთავრობის ინიციატივით, 2014 წელს დაწესდა და ყოველი წლის 12 აგვისტოს, გამორჩეულ სამხედრო მოსამსახურეებს გადაეცემათ.
სადღესასწაულო ღონისძიების ფარგლებში, დიდგორის ველზე, მოწყობილია საგამოფენო სივრცეები, ტარდება სპორტული შეჯიბრებები, კონცერტები და თეატრალიზებული წარმოდგენები.
ინფორმაციისთვის, დიდგორობის დღესასწაული ეძღვნება 905 წლის წინ, 1121 წლის 12 აგვისტოს, დიდგორის ბრძოლაში, საქართველოს მეფის, დავით IV აღმაშენებლის მეთაურობით, ქართველთა ისტორიულ გამარჯვებას თურქ-სელჩუკთა გაერთიანებულ ლაშქარზე. დიდგორის ბრძოლაში გამარჯვებას, ჩვენი ქვეყნისთვის, უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ის გახდა ქვეყნის გაერთიანების საფუძველი_ დავით აღმაშენებელმა შემოიერთა თბილისი, რომელიც 400 წლის განმავლობაში, მტრის ხელში იყო. მისი გათავისუფლების მერე, დავითმა, დედაქალაქი, ქუთაისიდან თბილისში გადმოიტანა.
დავით აღმაშენებლის უსახელო ისტორიკოსმა, დიდგორის ბრძოლაში გამარჯვებას, „ძლევაჲ საკვირველი“ უწოდა და საქართველოს ისტორიაში, დიდგორის ბრძოლა, სწორედ „ძლევაი საკვირველის“ სახელით შევიდა. ჩვენი ქვეყნისა და სრულიად საქრისტიანოსთვის უმნიშვნელოვანესი _დიდგორის ბრძოლის ტაქტიკური დეტალები შეტანილია მსოფლიოს თითქმის ყველა, მნიშვნელოვან, სამხედრო სახელმძღვანელოში.












