ხმაური და დაპირისპირება იყო ე.წ. ბორჯომის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გუშინ ხანძარი გაჩნდა

ხმაური და დაპირისპირება

დილიდან ხმაური იყო ე.წ. ბორჯომის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე. დაზარალებულ მოვაჭრეებს ტერიტორიაზე შესვლის შესაძლებლობას ჯერჯერობით არ აძლევენ, რაც სამართალდამცველებსა და მოვაჭრეებს შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა. მათმა ნაწილმა პოლიციის კორდონი გაარღვია და შენობაში შესვლა მოახერხა. სამართალდამცველები კი, შეზღუდვის მიზეზად უსაფრთხოების ნორმებს ასახელებენ.

ადგილზე იმყოფება "შპს ბაქანის" დამფუძნებელიც, რომელიც მოვაჭრეებს ხვდება.

"სადაც გაჩნდა ცეცხლის კერა, იქ ნათურა არ იყო. ღამე ირთვება, რჩება მხოლოდ საკონტროლო განათება, რომ ვიდეოთვალმა აღიქვას, დანარჩენი ყველაფერი გამორთული იყო.

მოვაწერეთ ხელი, რომ სანამ არ მოვა ექსპერტი და არ დადებს დასკვნას, მანამდე შიგნით შესვლის უფლება არავის აქვს. კი დავიწვით, გავნადგურდით, მაგრამ კიდევ რომ მსხვერპლი დაემატოს, წარმოგიდგენიათ რა მოხდება?!

ვის დავადო ხელი, ხომ სისულელეა, ვიდრე ექსპერტი არ დადებს დასკვნას," - აღნიშნა "შპს ბაქანის" დამფუძნებელმა.

გავრცელდა შემოსავლების სამსახურის განცხადებაც. უწყება ამბობს, რომ დაზარალებულებს განადგურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები ჩამოეწერებათ.