ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი დაიწყო, რომელიც ორ კვირას გასტანს - რას გვირჩევენ ექიმები
1741940524
უკვე რამდენი წელია, სოციალურ ქსელებში „გიორგი ქართველის ბლოგი“ დიდი პოპულარობით სარგებლობს. ახალგაზრდა კაცი ესპანეთში ცხოვრობს და პერიოდულად, სამშობლოშიც ჩამოდის ხოლმე. მას შემდეგ, რაც გიორგიმ ესპანელი მეორე ნახევარი საკუთარ ვიდეოებში გამოაჩინა და რამდენჯერმე საქართველოშიც ჩამოიყვანა, საზოგადოებამ წყვილი განსაკუთრებულად გამოარჩია და შეიყვარა. ახლა უკვე, ინტერნეტ სივრცეში, ალბასა და გიორგის სახალისო, სახასიათო ვიდეოები ვრცელდება ვირუსულად.
როგორც ბლოგერი „პრაიმტაიმს“ უყვება, წლების წინ, უცხოეთში ჯერ დედა წავიდა, 2002 წელს კი ის და მისი დაც წაიყვანა. მას შემდეგ, მთელი ოჯახი ესპანეთში ცხოვრობს. ამჟამად, გიორგი ერთ-ერთ ფეხსაცმლის ქარხანაში, ლოჯისტიკის მიმართულებით მუშაობს მეორე ნახევართან ერთად.
„რუსთავში გავიზარდე, როცა დედა ესპანეთში წავიდა, მე ბებიასთან, კახეთში ვცხოვრობდი. 12 წლიდან აქ ვარ, სკოლა, სასწავლებელი აქ დავამთავრე... უკვე 21 წელია, რაც ესპანეთში ვცხოვრობ, ფაქტობრივად, აქ გავიზარდე“.
- ბლოგის შექმნა რატომ გადაწყვიტე?
- ჩემთვის ვიდეო სფერო არის ის, რაც გულით და სულით მიყვარს. ბლოგერობა ენთუზიაზმზე და სიყვარულზე მაქვს აწყობილი და არა მაგალითად, შემოსავალზე. თავიდან, გრძელ, საინტერესო ვიდეოებს ვაკეთებდი, ემიგრანტების თემას ვეხებოდი, ვიღებდი სკოლებს, ქართულ რესტორნებს, მაშინ „იუთუბიზე“ უფრო ვაქტიურობდი, თუმცა, იმხელა გამოხმაურება არ ჰქონდა, რაც მინდოდა და მოკლე ვიდეობზე გადავედი. პანდემიის დროს, ტიპურ სახუმარო ვიდეოებს ვიღებდი, ამან უფრო დიდი პოპულარობა მომიტანა.
- თქვენს ვიდეოებში უკვე მეუღლეც ჩანს... გვიამბეთ იმაზე, რაც კადრში არ ჩანს;
- ერთ დღეს, ალბას ძველი ვიდეო გავაცოცხლე და საცდელად ავტვირთე. ხალხს ძალიან მოეწონა, როგორ იმეორებდა ესპანელი გოგო ქართულ სიტყვებს. გვიწერდნენ სიტყვებს, ენის გასატეხებს... დადებითი გამოხმაურებების შემდეგ მივყევით და ასე მოვედით დღემდე...
ალბა ისე არის შესისხლხორცებული ყველაფერ ქართულთან... ხინკალს წვეთს არ ტოვებს თეფშზე, ჩემზე კარგად მიირთმევს. რაც შეიძლება უცხოელისთვის ცოტა უცხო და გასაკვირი იყოს, მასში გაკვირვებას არ იწვევს, ბუნებრივად მივყვებით ყველაფერს. ცხოველები ორივეს ძალიან გვიყვარს და გული გვტკივა, ქუჩაში რომ ვხედავთ.
View this post on Instagram
- ხშირად, ეჭვიანი გოგოს როლს ირგებს, რეალურად როგორია?
- ყველა ვიდეო ტიპური წყვილის ურთიერთობაზეა გაკეთებული. რაღაც მომენტში ეჭვიანიც არის და ბუზღუნაც, როგორც ყველა ქალი. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს კაცს და ქალს, ყველა წყვილს საკუთარი ხასიათი აქვს, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში.
View this post on Instagram
- სად გაიცანით ერთმანეთი?
- ალბა 8 წლის წინ, ერთ-ერთ სასწავლებელში გავიცანი, კურსს გავდიოდით. უკვე რამდენიმე წელია, ერთად ვცხოვრობთ, თუმცა, ოფიციალური ნაწილი გასავლელი გვაქვს: ნიშნობა, ქორწილი..
- როგორც მივხვდი, ქორწილს გეგმავთ?
- დიახ, ჯერ მართლმადიდებელი უნდა გავხადოთ (იცინის). ვფიქრობ, ამ ყველაფერს საქართველოში, შინაურულ გარემოში გავაკეთებთ, რადგან გრანდიოზული ქორწილის გადახდის სურვილი არასდროს მქონია.
- რელიგიის შეცვლა ბევრისთვის საკმაოდ სენსიტიური თემაა. თქვენი მეორე ნახევარი რას ფიქრობს ამაზე?
- ალბა კათოლიკეა და სხვა რელიგიისგან განსხვავებით, დიდი სხვაობა არ არის. მთავარია, ორივე შტო ქრისტიანულია.
ალბა ესპანელია, ესპანელებისგანაა განსხვავებული და მე ვარ ქართველი, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ იმ ტიპური ქართველისგანაა განსხვავებული, რომელსაც შეიძლება ალბა ხედავდეს. ორივე განსხვავებული გადავეკვეთეთ, ჩვენს შორის არანაირი გაუგებრობა არაა.
მიუხედავად იმისა, რომ აქ ვარ გაზრდილი, საქართველო უზომოდ მიყვარს. მირჩევნია, ლიტერატურაც მშობლიურ ენაზე წავიკითხო ხოლმე. პატარ-პატარა განსხვავება ყოველთვის იქნება, რადგან მე სხვანაირად ვგრძნობ რაღაცებს, ის სხვანაირად. ეს კი თანაცხოვრებაში არანაირ პრობლემას არ ქმნის.
- როგორ მიიღეს ალბას მშობლებმა ქართველი სიძე?
- არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს, მშვიდი. ახლა საცხოვრებლად ანდალუსიაში გადავიდნენ, ჩვენგან 800 კილომეტრშია, ხშირად ვერ ვნახულობთ ერთმანეთს. ძალიან კარგი ხალხია.
- თქვენს ვიდეოებს ვინც თვალყურს ადევნებს, იცის, რომ კახეთში ბებო გყავთ, რომელსაც განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს ალბასთან, ხშირად გსაყვედურობთ, შვილიშვილი უნდა...
- დიახ, კატეგორიულად ითხოვს შვილიშვილს (იცინის). საქართველოში რომ ვიყავით, ბებოს ვიდეო დავდე და კომენტარებზე გული ძალიან დამწყდა. ბებოს და ალბას დიალოგზე სერიოზული კომენტარები დაწერეს, მოხუცი შვილიშვილს ითხოვსო. ნებისმიერ მოხუცს უნდა, რომ ბებია იყოს, რომელიმე არის, რომ არ უნდოდეს? ამ ვიდეოზე ცოტა-ცოტა ჰეითი წამოვიდა ბებიაჩემის მიმართ... მართალია, 1 000 კომენტარში 20 დაიწერა ასეთი, ზღვაში წვეთი, მაგრამ მაინც მეწყინა.
მათ ჩვეულებრივი, თბილი ურთიერთობა აქვთ, ბებოს უნდა შვილიშვილი, თუმცა, ჯერ გეგმაში არ გვაქვს. ჯერ მინდა „რელსებზე დავდგე“, რაღაც-რაღაცები დავალაგო, შეიძლება ვცდები, ვაგვიანებდე კიდეც (იცინის). ბებოს და ალბას საუბარი ცოტა უჭირთ, სულ მეჩხუბება, ქართულად ელაპარაკე, ნუ ელაპარაკები ესპანურადო. ისეთი სიყვარული, მოფერება და ჩახუტება აქვთ, ისეთ სითბოს გადმოსცემენ, ერთი სიტყვაც რომ ვერ გაიგონ ერთმანეთის, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს.
View this post on Instagram
- ფიქრობთ, რომ ოდესმე საქართველოში დაბრუნდებით და აქ იცხოვრებთ მეუღლესთან და შვილებთან ერთად?
- მე ესპანეთში ვარ გაზრდილი, იმაზე მეტი აქ ვიცხოვრე, რაც საქართველოში. იქიდან გამომდინარე, რომ სოციალური ქსელიდან ხალხს ძალიან შევუყვარდით, ისახება ისეთი გზები, რომ შესაძლოა, ახლო მომავალში რაღაც მოვიფიქრო და სამუდამოდ თუ არა, დროის დიდი ნაწილი მაინც გავატარო საქართველოში.
მანამდე, ვაპირებ, რომ მოკლე ვიდეოების გადაღება განვაგრძო, თუმცა, მინდა, რომ ჩემი საყვარელი საქმე უფრო ვრცელი ვიდეოებით გავაკეთო. „იუთუბიზეც“ გადავიდე... იქნება მოგზაურობა, ობიექტები და ა.შ.
View this post on Instagram