კბილის ხელახალი ამოსვლა შესაძლებელი იქნება ! - მეცნიერები ახალ პრეპარატს ცდიან

კბილი

იაპონიაში კბილის ხელახლა ამოსვლის პრეპარატის კლინიკური ცდები დაიწყო. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ეს თერაპია მომავალში კბილის იმპლანტებისა და პროთეზის ალტერნატივა გახდება.

ინფორმაციას Science Alert აცხადებს.

ტესტირება ზრდასრულ მოხალისეებზე მიმდინარეობს. 

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ადამიანთა უმეტესობას, სარძევე და მუდმივი კბილების გარდა, ე.წ კბილის ჩანასახებიც აქვს, რომლებიც შესაძლოა, ახალ კბილებად იქცეს.

“ჩანასახები,” როგორც წესი, არ ვითარდება და, შესაბამისად, ქრება, ამიტომ, მეცნიერებმა პრეპარატი იმ ანტისხეულებით შექმნეს, რომლებიც USAG-1 ცილას ბლოკავს. ეს ცილა კბილების ზრდას ხელს უშლის. ამდენად, პრეპარატი კბილების მესამე ნაკრების „ჩანასახების“ ზრდას ასტიმულირებს, რომლებიც ყველა ადამიანს აქვს, მაგრამ სამედიცინო ჩარევის გარეშე არ იზრდება.

მეცნიერები ამბობენ, რომ კბილების ზრდის პროვოცირებით პრეპარატს თავისი ეფექტურობის დამტკიცება ცდის პირველივე ფაზაში შეუძლია. ამასთან, მკვლევარები იმედოვნებენ, რომ ტექნოლოგია არა მხოლოდ კბილების თანდაყოლილი არარსებობის მქონე ბავშვებს დაეხმარება, რომლებზეც კვლევა 2025 წლიდან ჩატარდება, არამედ დაეხმარება მოზრდილებსაც, რომლებმაც კბილები ტრავმის ან დაავადების გამო დაკარგეს.

2-დან 6 წლამდე ანოდონტიით დაავადებულ ბავშვებზე პრეპარატის კლინიკური კვლევები 2025 წელს იგეგმება. ისინი კბილის ზრდის სტიმულირებისთვის პრეპარატის ერთი დოზას მიიღებენ.