კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ სასულიერო პირები დააჯილდოვა

პატრიარქი შიო

15 ივლისს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსლის ვლაქერნაში დადების დღესასწაულს - ვლაქერნობას აღნიშნავს. ეს დღესასწაული განსაკუთრებული სიხარულით აღინიშნება ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში, სადაც დავანებულია საქრისტიანოს ეს ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდე.

დადიანების სასახლეში დაცული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართს სამღვდელოება და მრევლი ყოველ წლის 15 ივლისს ლიტანიით გადაბრძანებენ ხოლმე ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში.

წელს ეს დღესასწაული ზუგდიდში გამორჩეულად აღინიშნა, ვინაიდან სადღესასწაულო წირვა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ აღავლინა.

თანამსახურებდნენ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), წმინდა სინოდის წევრები და სხვა სასულიერო პირები.

ტაძარში იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, პარლამენტის, მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ მრევლს დღესასწაული მიულოცა და ქადაგებით მიმართა. მან ასევე მადლობა გადაუხადა მიტროპოლიტ გერასიმესა და ეპარქიის სამღვდელოებას ღირსეული და ერთგული მსახურებისთვის.

ქადაგების ბოლოს კათოლიკოს-პატრიარქმა შემდეგი სასულიერო პირები დააჯილდოვა:

სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიიდან დეკანოზი იოანე კუპრეიშვილი დაჯილდოვდა მიტრის ტარების უფლებით.

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიიდან დეკანოზი გალაქტიონ ფიფია დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით.

დეკანოზი ილია ლუკავა დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით.

მღვდელი დავით ქირია აღყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში და დაჯილდოვდა ოქროს ჯვრის ტარების უფლებით.