კარგი ამბავი მედიცინაში - ბრიტანეთში, კიბოთი გარდაცვალების მაჩვენებელი მკვეთრად დაეცა

ვაქცინა

ინგლისში პირველად დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც 2020-2024 წლებში 20-დან 24 წლამდე ასაკის არცერთი ქალი არ გარდაცვლილა საშვილოსნოს ყელის კიბოთი. მეცნიერები ამ ისტორიულ შედეგს ადამიანის პაპილომავირუსის (HPV) საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამას უკავშირებენ.

კვლევის მიხედვით, აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში საშვილოსნოს ყელის კიბოთი სიკვდილიანობის მაჩვენებელი ნულამდე შემცირდა, მაშინ როდესაც ისტორიული მონაცემების საფუძველზე, ამ პერიოდში დაახლოებით 23 გარდაცვალების შემთხვევა იყო მოსალოდნელი.

„შედეგები საოცარია. საშინელი ტრაგედიაა, როდესაც ძალიან ახალგაზრდა ადამიანი იღუპება საშვილოსნოს ყელის კიბოთი. ეს არის ვაქცინაციის, მეცნიერებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ნამდვილი ტრიუმფი“, — აცხადებს ლონდონის დედოფალ მარიას უნივერსიტეტის მკვლევარი პიტერ სასიენი.

ადამიანის პაპილომავირუსი (HPV) მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ინფექციაა, რომელიც სხვადასხვა სახის სქესობრივი კონტაქტით ვრცელდება. ვირუსის ზოგიერთი შტამი მნიშვნელოვნად ზრდის კიბოს განვითარების რისკს, მათ შორის საშვილოსნოს ყელის, პირის ღრუს, ყელის, ანუსისა და პენისის კიბოების.

HPV-ის საწინააღმდეგო ვაქცინა 2006 წელს გახდა ხელმისაწვდომი, ხოლო გაერთიანებულ სამეფოში 12-13 წლის გოგონების ვაქცინაცია 2008 წლიდან დაიწყო. 2019 წლიდან პროგრამაში ბიჭებიც ჩაერთნენ, რაც ვირუსის გავრცელების შემცირებას და HPV-თან დაკავშირებული სხვადასხვა ონკოლოგიური დაავადების პრევენციას ემსახურება.

კვლევის ავტორებმა, პიტერ სასიენიმ და მილენა ფალკარო, ინგლისში არსებული მონაცემები შეისწავლეს და დაადგინეს, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 20-24 წლის ქალებში საშვილოსნოს ყელის კიბოთი გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

„რაც უფრო შორეულ მონაცემებს ვაანალიზებდით, მით უფრო ნათელი ხდებოდა, რომ მსგავსი რამ აქამდე არასდროს მომხდარა. ზედიზედ ხუთი წელი გარდაცვალების გარეშე ნამდვილად განსაკუთრებული მოვლენაა“, — აღნიშნავს სასიენი.

მკვლევართა შეფასებით, მიღწეული შედეგი პირდაპირ უკავშირდება ვაქცინაციის მაღალ მაჩვენებელს. დღეს ინგლისში 20-24 წლის ქალების დაახლოებით 90 პროცენტი ბავშვობაში, 12-13 წლის ასაკშია აცრილი HPV-ის წინააღმდეგ.

ინგლისის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის (NHS) ვაქცინაციის პროგრამის დირექტორის, კაროლინ ტემინკი, განცხადებით, ეს მტკიცებულებაა იმისა, რომ ვაქცინა არა მხოლოდ ინფექციისა და კიბოს შემთხვევების შემცირებას, არამედ სიცოცხლის გადარჩენასაც უზრუნველყოფს.

მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ვაქცინაციის პროგრამამ უკვე დაახლოებით 200 სიცოცხლე გადაარჩინა, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში ეს რიცხვი შესაძლოა 18 000-მდე გაიზარდოს.

მიუხედავად ამ წარმატებისა, სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ კოვიდპანდემიის შემდეგ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ვაქცინაციის მაჩვენებელი შემცირდა, რაც მომავალში გარკვეულ გამოწვევებს ქმნის.

კვლევა ავტორიტეტულ სამედიცინო ჟურნალში, The Lancet, გამოქვეყნდა.