იწვევს უშვილობას, ღვიძლის დაავადებებს - არუნ ხათრი დიასახლისებს აფრთხილებს
1771179309
დერმატო-ვენეროლოგმა, მედიცინის დოქტორმა ზაზა თელიამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა იმ კანის ნიშნებზე, რომლებიც შესაძლოა ორგანიზმში ქოლესტერინის მომატებულ დონეზე მიუთითებდეს.
სპეციალისტის განმარტებით, გარკვეული დერმატოლოგიური ცვლილებები ხშირად სიგნალია, რომ პაციენტმა ლიპიდური სპექტრი უნდა გადაამოწმოს.
ქსანთომა — ეს არის ლოკალიზებული ცხიმოვანი წარმონაქმნი, რომელიც კანქვეშ ან მყესებზე ჩნდება. მყესზე არსებული ქსანთომა შესაძლოა მოძრაობის შეზღუდვის მიზეზიც გახდეს. ექიმის თქმით, ქსანთომების არსებობა ეჭვს აჩენს, რომ ორგანიზმში ქოლესტერინის დონე ხანგრძლივად არის მომატებული, რადგან მათი განვითარება, როგორც წესი, სწორედ ქრონიკულ ჰიპერქოლესტერინემიას უკავშირდება.
ქსანთელაზმა — ე.წ. ბრტყელი ქსანთომა, რომელიც ქუთუთოებზე მოვარდისფრო ან მოყვითალო წარმონაქმნების სახით ვლინდება. ქსანთელაზმაც შეიძლება მიუთითებდეს ლიპიდური ცვლის დარღვევაზე და ქოლესტერინის მომატებულ დონეზე.
ფსორიაზი — მიუხედავად იმისა, რომ ფსორიაზი პირდაპირ არ არის დაკავშირებული ქოლესტერინის მატებასთან, მაღალი ხარისხის კვლევები მიუთითებს გარკვეულ კავშირზე ამ ორ მდგომარეობას შორის. ზაზა თელიას თქმით, ფსორიაზის გამწვავების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ჭარბი წონა და სიმსუქნეა, ხოლო პირველ ადგილზე თამბაქოს მოხმარება სახელდება. შესაბამისად, ფსორიაზით დაავადებულ პაციენტებს რეკომენდებულია თამბაქოსგან თავის შეკავება და სხეულის მასის ნორმალიზება.
ქოლესტერინის ემბოლიზმი — მდგომარეობა, როდესაც ქოლესტერინის კრისტალები არტერიებში გროვდება. თავდაპირველად ზიანდება მსხვილი არტერიები, შემდეგ კი პროცესი უფრო წვრილ სისხლძარღვებზე ვრცელდება, რაც მათ დახშობას იწვევს. შედეგად ირღვევა ქსოვილების სისხლით მომარაგება. ექიმის თქმით, ეს შეიძლება გამოვლინდეს ქვემო კიდურების წყლულებით, კანის ფერის ცვლილებით, განგრენით და მძიმე შემთხვევებში — კიდურის ამპუტაციის საჭიროებითაც. ერთ-ერთი სიმპტომია ლურჯი ფერის თითები, რაც სისხლის ნაკადის დარღვევაზე მიუთითებს. მსგავსი ცვლილებები შესაძლებელია ხელის მტევნებზეც გამოვლინდეს.
რეტიკულარული ლივედო — მოლურჯო-მოწითალო, ბადისებრი შეფერილობა კანზე, რომელიც ხშირად ქვემო კიდურებზე, დუნდულებზე ან გენიტალიების არეში ჩნდება. ექიმი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რეტიკულარული ლივედო ავტომატურად არ ნიშნავს ქოლესტერინის მომატებას, რადგან მას შესაძლოა გენეტიკური საფუძველიც ჰქონდეს. თუმცა, ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია დამატებითი კვლევების ჩატარება, რადგან კავშირი მომატებულ ქოლესტერინთან შესაძლებელია არსებობდეს.
სპეციალისტი მოსახლეობას მოუწოდებს, კანის მსგავსი ცვლილებების აღმოჩენის შემთხვევაში დროულად მიმართონ ექიმს და ჩაიტარონ შესაბამისი კვლევები, რათა თავიდან აიცილონ შესაძლო გართულებები.