კახელები უკრაინაში გასაგზავნად ჩურჩხელებს აგროვებენ

ჩურჩხელა

„შეაგროვე ჩურჩხელა განსაცდელში მყოფი უკრაინელი ძმებისათვის!“ - კახეთში, სამოქალაქო ორგანიზაციებმა სოციალური აქცია დაიწყეს.

შეგროვებული ჩურჩხელები უკრაინაში გაიგზავნება და გადაეცემათ მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება.

„თავისუფლებისათვის მებრძოლი უკრაინა დღეს განსაცდელშია. საცხოვრებელი სახლების სარდაფებში ათასობით ადამიანი, ქალები და ბავშვები თავს აფარებენ რუსეთის აგრესიას! იბომბება სახლები და სამოქალაქო ობიექტები! დღეს, როგორც არასდროს, საჭიროა ჩვენი ისტორიისა და მემკვიდრეობის გაზიარება ფრონტის წინა ხაზზე მყოფი ხალხისათვის! შევაგროვოთ და გავუგზავნოთ თითო ჩურჩხელა უკრაინულ ოჯახებს, რათა მიიღონ კახური მიწის მადლით შექმნილი ღვთაებრივი, კალორიული და სასარგებლო ჩურჩხელა”, - ამბობს აქციის ინიციატორი, მაია მამულაშვილი „რადიო თავისუფლებასთან“ საუბრისას.