კახა კალაძე: ერთთვიანი სამგზავრო აბონემენტის ღირებულება არა 150, არამედ 40 ლარია

კალაძე

კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ერთთვიანი სამგზავრო აბონემენტის ღირებულება 150 ლარია. თბილისის მერის განცხადებით, ერთთვიანი სამგზავრო აბონემენტის ღირებულება არა 150, არამედ 40 ლარია. მისივე თქმით, აღნიშნული ინფორმაცია მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას და თბილისის მერიის დისკრედიტაციას ემსახურება.

„გუშინ ერთ-ერთ ტელეარხზე ჩვენ ვიხილეთ სიუჟეტი, სადაც მიზანმიმართული მცდელობაა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის. კონკრეტული ტელეარხის ჟურნალისტი მიდის ადამიანებთან და ეკითხება, აქვთ თუ არა მათ საშუალება, ერთთვიან აბონემენტში გადაიხადონ 150 ლარი. მე არ ვიცი, ეს ჟურნალისტის მხრიდან შეცდომა იყო თუ არა, რადგან თქვენ იცით, რომ 150 ღირს არა ერთთვიანი, არამედ 6-თვიანი აბონემენტი. ასეთი დეზინფორმაციების გავრცელება, ვფიქრობ, მიზანმიმართულად ხდება, რომ რაც შეიძლება მეტი ნიჰილიზმი დაითესოს საზოგადოებაში“, - განაცხადა თბილისის მერმა.