ორი ადამიანი, რომელსაც ბავშვის მონათვლა არ შეუძლია - რას ამბობს მოძღვარი
1757275287
1966 წლის 3 აპრილს დაიბადა მღვდელ-მონაზონი ანდრია, ერისკაცობაში პაატა ყურაშვილი, რომელიც რუსეთ-საქართველოს აფხაზეთის ომის დროს, კამანში, სოხუმთან ახლოს მოწამებრივად, ვერაგულად მოკლეს.
კითხვაზე, თუ ვისი იყო აფხაზეთის მიწა, აფხაზების თუ ქართველების, მამა ანდრიამ გაბედულად უპასუხა, რომ აფხაზეთის მიწა ღვთისაა, რის შემდეგ, ოკუპანტებმა იგი ამსოფლიურ სიცოცხლეს გამოასალმეს...
***
სასულიერო პირმა, თავდაპირველად, აჭარაში, სხალთის წმინდა ანდრია მოციქულის მონასტერში დაიწყო მსახურება. 1992 წლის 3 აპრილს, დაბადების დღეზე, პაატა ყურაშვილი ბერად აღკვეცეს და ანდრია უწოდეს. ხოლო იმავე წლის აგვისტოში მღვდელ-მონაზვნად აკურთხეს და სხალთის მონასტრის წინამძღვრად დანიშნეს.
აქ მამა ანდრია ხვდება არქიმანდრიტ დანიელს (შემდგომში ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი) და მისი სულიერი ხელმძღვანელობით განაგრძობს მოღვაწეობას. მამა ანდრია ასკეტურად ცხოვრობდა, ის მუდამ ღმერთზე ფიქრობდა, სურდა თავისი ბერული ღვაწლით, დიდი წმინდა მამების ტოლი და ღირსი გამხდარიყო.
ამასობაში, აფხაზეთში, საომარი მოქმედებები დაიწყო. მამა ანდრიას მოძღვარი არქიმანდრიტი დანიელი ცხუმ-აფხაზეთის მღვდელმთავრად დანიშნეს და ის სოხუმში გაემგზავრა. მამა ანდრიას უნდოდა, რომ თავის მოძღვართან ახლოს ყოფილიყო, ამიტომ მან თხოვნით მიმართა მეუფე დანიელს, რომ იგი სოხუმში გადაეყვანა. 1993 წლის თებერვალში მამა ანდრია უკვე სოხუმშია, ხოლო სულ მალე მას კამანის წმინდა იოანე ოქროპირის ტაძრის წინამძღვრობას ავალებენ.
ომის დროს, აფხაზები ვერ ახერხებდნენ პირდაპირი გზით სოხუმში შესვლას, რადგან გუმისთა საფუძვლიანად იყო გამაგრებული, ამიტომ ისინი ცდილობდნენ შემოვლითი გზით აეღოთ კამანი და მოეხდინათ ქალაქზე შტურმი. კამანი ძირითადად სვანებით დასახლებული სოფელი იყო. სოფლის მოსახლეობამ საკუთარი ძალებით მტრის ოთხი შემოტევა მოიგერია, ყველამ კარგად იცოდა, რომ კამანის დაცემა სოხუმის დაცემას ნიშნავდა.
მამა ანდრია დაუღალავად ასრულებდა ღვთისმსახურების წესს, ამხნევებდა მეომრებს და იმედს უსახავდა სასოწარკვეთილ ადამიანებს.
ქართულ მხარეს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების შესაბამისად, სამხედრო შენაერთები გაჰყავდა. სოხუმის შტაბმა ყურად არ იღო კამანელთა თხოვნა სამხედრო ძალებით დახმარების შესახებ, მხოლოდ ცრუ დაპირებით შემოიფარგლა. იმის ნაცვლად, რომ კამანი გამაგრებულიყო, იგი ქართულმა შენაერთებმა მიატოვეს. მტერი კი, კამანის ასაღებად, ახალი ძალებით ემზადებოდა. მტრის 1500 კაციანი კბილებამდე შეიარაღებული ბოევიკის პირისპირ 35 კამანელი მარტო აღმოჩნდა.
უდიდესი საფრთხის მიუხედავად, მამა ანდრიამ არ მიატოვა ეკლესია და მრევლი. სოფლის მოძღვარი ბოლო წუთებში საოცარ სიმშვიდეს ინარჩუნებდა და მრევლს მოუწოდებდა ღირსებითა და მორჩილებით მიეღოთ ღვთის მიერ მოვლენილი მძიმე განსაცდელი.
მამა ანდრიამ ღამის 3 საათზე ეკლესიაში მყოფი მრევლი აზიარა, ხოლო დილის 5-ის ნახევარზე მტერმა სოფელი აიღო და ეკლესიის კარებს შემოუტია. მამა ანდრიას ლოცვა-კურთხევით კამანელმა იური ანუამ მტერს კარი გაუღო. გამხეცებულმა ბოევიკებმა იური კონდახების ცემით გაიყვანეს და წამების შემდეგ დახვრიტეს. მერე ცდილობდნენ, შეურაცხყოფა მამა ანდრიასთვისაც მიეყენებინათ და დაეჩოქებინათ, 27 წლის მღვდელ-მონაზონს კი თავი ღირსეულად ეჭირა, იგი საოცარ სიმშვიდეს ინარჩუნებდა.
მაშინ ერთ-ერთმა ბოევიკმა მას ჰკითხა, თუ ვისი მიწა იყო ეს, — ქართველების თუ აფხაზების? მორალურად გატეხვის მცდელობისას ახალგაზრდა მღვდელმა მშვიდი ღიმილით უპასუხა: ეს ღვთის მიწაა. სულიერად დამარცხებულმა მტერმა ვერაგულად ესროლა, უკნიდან თავში.
სასწაული მოხდა: ივლისის მცხუნვარე მზეში მამა ანდრიას სხეული უხრწნელი დარჩა, გვამს ჭრილობიდან სისხლი სდიოდა და ის ცოცხალივით ესვენა.
რამდენიმე დღის შემდეგ მამა ანდრიას მკვლელი ნაღმზე აფეთქდა. მოვლენები ისე განვითარდა, რომ როდესაც კამანის დაცემის შემდეგ, მოკლულთა გვამების გაცვლაზე დაიწყო მოლაპარაკებები და ჯერი მამა ანდრიას ცხედარზე მიდგა, აფხაზურმა მხარემ მის გადმოცემაზე უარი განაცხადა; პასუხი ასეთი იყო: მღვდელი ჩვენი მიცვალებულია, ჩვენ პატივით დავკრძალეთ იგი და რაც გასაკეთებელი იყო, ყველაფერი გავაკეთეთ.
***
მამა ანდრია ჩვენი გმირია! გმირი, რომელმაც არც ხალხი დატოვა და არც ტაძარი. ომის ქარცეცხლში, სიკვდილის წინ, ხალხს აზიარებდა.
თავდადებული 27 წლის ქართველი ბერი მტერმა ვერ დააჩოქა…
დახვრეტამდე, ბევრი ადამიანის გადარჩენა შეძლო. ბერმა გადამწვარი კომანის უსახლკარო მოსახლეობა თავის შესამოსელით შემოსა და თავისივე ხელით გამომცხვარი პურით დააპურა.
მამა ანდრიას აღსასრულმა მისი დებისა და ძმების ცხოვრება მთლიანად შეცვალა. ერთ-ერთი ძმა მღვდელი გახდა, მეორე – ბერი, ორი და კი, მონაზონი.
ასევე დაგაინტერესებთ:
"მუდამ სხვებზე ფიქრობდა და ოჯახებს ეხმარებოდა. იყო დიდი, მორცხვი ბავშვი" - "დოჩანას" მოძღვარი იხსენებს
"განკურნებისათვის აუცილებელია..." - ვრცელდება ინფორმაცია მონასტრიდან
"გივი, გივი, ჩვენ ვართ!“ - სინამდვილეში ვინ ყოფილა უჩინარი გივის რეალური პროტოტიპი