1757179938
პოლიციამ თურქეთის რესპუბლიკის მიერ ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის მიერ ძებნილი, წარსულში ნასამართლევი, 1998 წელს დაბადებული ბ.ა. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, დაკავებული ბ.ა. თურქეთის რესპუბლიკის მიერ განზრახ მკვლელობისა და ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის ბრალდებით იძებნებოდა.
სამინისტროს ცნობითვე, ბრალდებულმა საქართველოს საზღვარი ჯერ კიდევ მაშინ გადმოკვეთა, ვიდრე მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდებოდა. ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული, წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.