1781210306
იწყება ვებინარების ციკლი სპეციალური მასწავლებლების, სპეციალური მასწავლებლობის მსურველებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი „ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში იწყებს ვებინარების ციკლს სპეციალური მასწავლებლების, სპეციალური მასწავლებლობის მსურველებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ვებინარების ფარგლებში შემდეგი თემები განიხილება:
• სპეციალური მასწავლებლის პროფესიული საქმიანობა და ეთიკური ნორმები;
• სწავლის სირთულეები ადრეულ ეტაპზე - დაკვირვება, იდენტიფიცირება და შეფასება;
• სწავლების უნივერსალური მიდგომები სსსმ მოსწავლეთა ეფექტიანი ჩართულობის უზრუნველსაყოფად;
• ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, როგორც პროგრესის ინსტრუმენტი - ინტერვენციები და მასწავლებელთა კოორდინირებული თანამშრომლობა;
• რთული ქცევა კლასში - გამოწვევებიდან მხარდაჭერამდე;
• გარდამავალი პერიოდის მართვა - პირველკლასელთა ტრანზიცია სკოლაში და სკოლიდან პროფესიულ სასწავლებელში.
ვებინარების ციკლი 15 ივნისიდან დაიწყება და 3 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
დასწრება შესაძლებელია Microsoft Teams-ის პლატფორმის საშუალებით.
თითოეული ვებინარის ჩატარების დრო და დასწრების ბმული წინასწარ გამოქვეყნდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის Facebook გვერდზე.
„შეხვედრების ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, ინკლუზიური განათლების სპეციალისტების მხარდაჭერით, გაიღრმაონ ცოდნა სწავლების უნივერსალური მიდგომების, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავებისა და განხორციელების მიმართულებით, ასევე მოსწავლეთა ქცევის მართვისა და მათი ეფექტიანი ჩართულობის უზრუნველყოფის საკითხებზე.
ვებინარის დასრულების შემდეგ ვიდეო ჩანაწერები განთავსდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პორტალზე: www.educationhouse.ge“, - აცხადებენ ცენტრში.












