„ის იყო ადამიანი, რომელიც ასხივებდა სიცოცხლეს, სიკეთესა და უსაზღვრო სიყვარულს...“ - თბილისის N32 საჯარო სკოლა მასწავლებელს ემშვიდობება

მაკა მელქაძე

ქალაქ თბილისის N32 საჯარო სკოლა სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. სკოლა პედაგოგს ემშვიდობება.

„უდიდესი ტკივილი და მწუხარება შემოაწვა ჩვენი სკოლის დიდ ოჯახს... მაკა მელქაძე არ ყოფილა მხოლოდ ბიოლოგიის მასწავლებელი, ის იყო ადამიანი, რომელიც თავად ასხივებდა სიცოცხლეს, სიკეთესა და უსაზღვრო სიყვარულს. მისი თბილი ღიმილი, მშვიდი ხმა და თითოეული ბავშვისადმი მეგობრული დამოკიდებულება სკოლის დერეფნებსა თუ საკლასო ოთახებში განსაკუთრებულ აურას ქმნიდა.

სკოლის კოლექტივი გულწრფელ სამძიმარსა და თანაგრძნობას უცხადებს ოჯახს, ახლობლებს, მის საყვარელ მოსწავლეებსა და სრულიად სასკოლო საზოგადოებას“, - ნათქვამია სამძიმრის პოსტში.