„ის გმირია! და ეს წოდება მას სიცოცხლის ფასად დაუჯდა“ - თამაზ ლოხიშვილი ომში დაღუპულ ძმაზე

თამაზას ძმა

ბლოგერი თამაზ ლოხიშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში დაღუპული ძმის შესახებ წერს:

„ეს დღეები როგორც ჩემთვის, ასევე ჩემი ოჯახისთვის უმძიმესია და დასასრული არ უჩანს, რადგანაც არასდროს განელდება ეს ტკივილი. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს მხარდაჭერისთვის, გამხნევებისთვის და ჩვენი ტკივილის გაზიარებისთვის, თქვენმა გვერდით დგომამ და თითოეულმა სიტყვამ მოგვცა ძალა კიდევ იმისა, რომ ამ ტრაგედიის დროს არ დავეცეთ და გავძლიერდეთ.

მადლობა მინდა ვუთხრა უკრაინის მთავრობას, ჩემი ძმის უმოკლეს დროში გადმოსვენებისთვის, საპატიო გამოცილებისთვის და რაც მთავარია, მისი გმირად აღიარებისთვის, გმირის წოდებისთვის.

მადლობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ლევანის უკანასკნელ გზაზე საპატიო გაცილებისთვის
და ბოლოს... ლევანი უკრაინაში, იმ სულისკვეთებით წავიდა, როგორც საკუთარი სამშობლოს დაცვის დროს, უკრაინა არ არის ჩვენთვის უცხო ქვეყანა, ჩვენი დიდი ბებია უკრაინელი გახლდათ.

ვინც როგორ უნდა თქვას, ის გმირია! მისმა ქმედებამ შემართებულმა ბრძოლამ და სულისკვეთებამ გამოაჩინა და ეს წოდება მას სიცოცხლის ფასად დაუჯდა.

არც ერთ პოლიტიკურ პარტიებთან და მედია საშუალებებთან არ ვთანამშრომლობთ მე და ჩემი ოჯახი და გთხოვთ, გვცეთ პატივი ამ მძიმე წუთებში, თავი შეიკავეთ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენთან კომუნიკაციისგან.

მსოფლიოს ვუსურვებ მშვიდობას, ხოლო უკრაინას ჩემი ძმის ოცნების ახდენას“, - წერს თამაზ ლოხიშვილი.