ირაკლი გიორგაძის მეოთხე პერსონალური ფოტოგამოფენა „გალერეა ფოტოატელიეში“ 21 ნოემბერს გაიხსნება

irakli giorgadze

21 ნოემბრიდან „გალერეა ფოტოატელიე“  (პავლე ინგოროყვას 14) ფოტოგრაფ ირაკლი გიორგაძის რიგით მეოთხე პერსონალურ გამოფენას უმასპინძლებს. პროექტი თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება და სტუმრებს 28 ნოემბრის ჩათვლით შეეძლებათ მისი დათვალიერება.

გამოფენა ქალაქის ცხოვრების ცნობიერ და სპონტანურ ეპიზოდებს აშუქებს იმ ყოველდღიურობას, რომელიც ხშირად შეუმჩნეველი რჩება. 

გამოფენაზე წარმოდგენილი შავ-თეთრი ანალოგური ფოტოსერია, მომენტთან მიახლოების, ემოციური დაძაბულობის შტრიხებით კომპოზიციურ დინამიურ პროტოტიპებად გარდაიქმნება. ამ კადრებში ადამიანები და გარემო დაკვირვების საერთო საწყისს ქმნის.

წლების განმავლობაში ფოტოგრაფმა დაკვირვება ყოველდღიურობად აქცია და ქალაქის ცხოვრების მცირე ფრაგმენტები საკუთარ პრაქტიკად გარდაქმნა. ურბანული გარემოს დაფიქსირებით მისი ნამუშევრები უხმო დრამატურგიის მსგავსად იშლება. სპონტანური შეხვედრები, მყიფე ჟესტები და შემთხვევითი დეტალები ქალაქის ვიზუალურ არქივს პოეტურად წარმოადგენს. ყოველდღიურობის დინამიურობა, უეცარი შეხვედრებისა და შემთხვევითი დეტალების დაფიქსირებით, მრავალშრიან ამბად გარდაიქმნება.

ირაკლი გიორგაძის შემოქმედება ქალაქის ცხოვრებას, ადამიანებსა და ყოველდღიურობის მშვიდ, შეუმჩნეველ პოეზიას აღწერს. ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ფოტოგრაფი ძირითადად ანალოგურ ტექნიკას მისდევს. თითოეულ ნამუშევარს თავად ამუშავებს საკუთარ მცირე ბნელ ოთახში, სადაც ტრადიციული ბეჭდვის პროცესში ფოტო საბოლოო ფორმასა და უნიკალურ ხასიათს იძენს. 

გიორგაძეს ჩატარებული აქვს სამი პერსონალური გამოფენა. ასევე აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო ჯგუფურ საოპერაციო პროექტებში — მათ შორის, 2018 წელს მისი ნამუშევრები წარმოდგენილი იყო კიევში, როვნოსა (უკრაინა) და კვიპროსზე გამართულ გამოფენებზე.