შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1791471023
საქპატენტის მოწვევით საქართველოში იმყოფება ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) აკადემიის დირექტორი ჰონგბინგ ჩენი, რომელიც საქპატენტის თავმჯდომარესთან, სოსო გიორგაძესთან ერთად ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU) ესტუმრა. სტუმრებს KIU-ს აღმასრულებელმა დირექტორმა/რექტორმა ვახტანგ ცაგარელმა უმასპინძლა. აღსანიშნავია, რომ 2025 წელს WIPO-ს, KIU-სა და საქპატენტს შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომლის საფუძველზე საქართველოში დაინერგა ერთობლივი საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა – „ინტელექტუალური საკუთრება, ინოვაციები და მეწარმეობა“. 2025 წლის შემოდგომაზე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სამაგისტრო პროგრამაზე სტუდენტთა პირველი ნაკადი მიიღო. გასული აკადემიური წელი წარმატებით დაასრულა 14 სტუდენტმა. წელს კი სამაგისტრო პროგრამაზე 27 სტუდენტი ჩაირიცხა, მათ შორის – 19 საქართველოს მოქალაქე და 8 უცხოელი სტუდენტი. უცხოელთაგან 5 სტუდენტის სწავლისა და საქართველოში ცხოვრების ხარჯებს სრულად დააფინანსებს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია (WIPO).
შეხვედრის ფარგლებში WIPO-ს აკადემიის დირექტორი შეხვდა პროგრამის კურსდამთავრებულებს და, ასევე, სტუდენტებს, რომლებიც წელს ჩაირიცხნენ სამაგისტრო პროგრამაზე. ჩენმა მათთან ერთად განიხილა პროგრამის მიმდინარეობის საკითხები, სწავლების სპეციფიკა, ასევე საქართველოში თუ საერთაშორისო შრომის ბაზარზე დასაქმების პერსპექტივები და მათ წარმატებები უსურვა.
საგულისხმოა, რომ პროგრამის სწავლებას, KIU-ის აკადემიურ პერსონალთან ერთად, WIPO-ს ინიციატივითა და დაფინანსებით, უძღვებიან პროფესორები მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან, მათ შორის ენრიკო ბონადიო, დიდი ბრიტანეთის City University of London-ის პროფესორი, ალესანდრო კოგო, ტურინის უნივერსიტეტის პროფესორი, შვეიცარიის ფედერალური ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორები - დომინიკ ფორე და გაეტან დე რასენფოსი, ასევე დიოგო კოშტა კუნია, რომელიც სტრასბურგის უნივერსიტეტის ინტელექტუალური საკუთრების კვლევების ცენტრის (CEIPI) პროფესორია და WIPO-ს დელეგაციასთან ერთად ქუთაისში იმყოფება.
KIU-ში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ WIPO-ს აკადემიის ინტელექტუალური საკუთრების ტრენინგ ინსტიტუტების პროგრამის ხელმძღვანელი დანიელა ლიზარზაბურუ აგილარი, KIU-ს კანცლერი ლევან კოპალიანი, სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი გვანცა გუგეშაშვილი, KIU-ს მენეჯმენტის სკოლის დეკანი მირანდა კავაძე, საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო ჩიქოვანი, ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და გადამზადების ცენტრის უფროსი ლალი ამირანაშვილი და ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი სალომე ციმაკურიძე.