აფხაზეთის ომს შეწირული თანამედროვე ღიმილის ბიჭები
1786694520
ქვეშეთი-კობის 23-კილომეტრიანი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შენდება ახალი ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 5 ხიდი, 5 გვირაბი და რეაბილიტაცია უტარდება ერთ ხიდს, - ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, პროექტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი – 9-კილომეტრიანი მთავარი გვირაბი და ამავე სიგრძის საევაკუაციო გვირაბი უკვე სრულად არის გაჭრილი.
"გვირაბებში, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ელექტრო-მექანიკური სისტემების მოწყობა. ახალი გვირაბი საქართველოში ყველაზე გრძელი იქნება და საინჟინრო თვალსაზრისით მსოფლიოს ერთ-ერთ გამორჩეულ ნაგებობას წარმოადგენს.
სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს ხიდებზეც. ხუთიდან ერთი ხიდი უკვე დასრულებულია. ის დაბალანსებული კონსოლური ტექნოლოგიით არის აგებული, რაც საქართველოში პირველად გამოიყენეს. აქტიური სამუშაოები გრძელდება ასევე 166-მეტრი სიმაღლის თაღოვან ხიდზე.
პარალელურად. მიმდინარეობს გუდაურამდე მისასვლელი 5-კილომეტრიანი გზის მშენებლობა, რომელიც წლის ბოლომდე გაიხსნება ავტოტრანსპორტისთვის.
ქვეშეთი-კობის 23-კილომეტრიანი მაგისტრალური გზა სოფელ ქვეშეთს დააკავშირებს სოფელ კობთან. პროექტის დასრულების შემდეგ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება როგორც კურორტ გუდაურამდე, ისე სტეფანწმინდამდე გადაადგილების უსაფრთხოება და საიმედოობა. ზამთრის პერიოდში კობის მიმართულებით მოძრაობა აღარ შეიზღუდება ზვავსაშიშროების გამო, ხოლო ხადას ხეობის სოფლების მოსახლეობას მთელი წლის განმავლობაში ექნება უწყვეტი კავშირი გარე სამყაროსთან," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.