1747854625
Imex Frankfurt 2025-ზე საქართველოს საქმიან ტურისტულ მიმართულებას ეცნობიან

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო გერმანიაში, ფრანკფურტის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს, - ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
„Imex Frankfurt 2025-ის ფარგლებში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე მოლაპარაკებებს მართავს წამყვან ევროპულ კომპანიებთან საქართველოში საერთაშორისო კონგრესების, კონფერენციებისა და ფორუმების ჩასატარებლად.
„საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია წარმოდგენილია ფრანკფურტის გამოფენაზე. საქართველო საქმიანი ტურიზმის იმკვიდრებს მსოფლიოში ნელ-ნელა იმკვიდრებს ადგილს. ჩვენ არაერთ ღონისძიებას ვუმასპინძლეთ ბოლო წლებში და ახლა წარმოდგენილნი ვართ ათამდე კერძო კომპანიასთან ერთად გერმანიაში, ამ გამოფენაზე, რომ გავაცნოთ საქართველო, ახალ შესაძლებლობებს გავეცნოთ, ახალი კონტაქტები მოვიძიოთ და საქართველოში ბევრად მეტი საქმიანი ტურიზმის მიმართულებით ღონისძიება ჩავატაროთ“-აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.
გამოფენაზე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროსთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, ასევე 9 სასტუმრო და კომპანია მონაწილეობს.
Imex Frankfurt 2025-ზე, 3 დღის განმავლობაში, საკონვენციო ბიუროსა და კერძო სექტორის წარმომადგენლები მოლაპარაკებებს მართავენ 50 საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიისა და ასოციაციის წარმომადგენელთან, სამომავლოდ საქმიანი ტურიზმის მიმართულებით პარტნიორობის გაღრმავების მიზნით.
გამოფენაზე, საქართველოს სტენდთან ქვეყნის საქმიანი ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით პრეზენტაციები ტარდება.
„ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ რომ საქართველო მონაწილეობს ამ გამოფენაში. ეს ღონისძიება ჩვენი ინდუსტრიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. თუ საქართველოს საერთაშორისო ბაზარზე თავის დამკვიდრება სურს, რომ ბიზნეს ღონისძიებებს უმასპინძლოს, მაშინ აქ მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მინდა გითხართ, რომ თქვენი ტურისტული მიმართულება ძალიან მიმზიდველია და რა თქმა უნდა, თუ გაქვთ საჭირო ინფრასტრუქტურა ეს უკვე ძალიან კარგი დასაწყისია“-აცხადებს ICCA-ს საერთაშორისო კონგრესებისა და კონვენციების ასოციაციის ევროპის რეგიონული დირექტორი ეფი კაუდელი.
Imex Frankfurt 2025- ძალიან მნიშვნელოვანი გამოფენაა საქმიანი ტურიზმის განვითარებისთვის, უკვე მეორე წელია ვესწრებით ამ ღონისძიებას და ვფიქრობ, წელს განსაკუთრებული ინტერესია მსოფლიოს სხვადასხვა სააგენტოებიდან საქართველოს მიმართ. შარშან ჩატარებულიდან გამომდინარე ჩვენ მივიღეთ რამდენიმე პროექტი, რომელიც სისრულეში მოვიყვანეთ და იმედი გვაქვს, წელსაც იგივე განმეორდება“-ამბობს სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის წარმომადგენელი ნიკა ცინცაძე.
Imex Frankfurt 2025-ის გამოფენას 150-ზე მეტი ქვეყნიდან 12 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავს. გამოფენაზე 3100 კომპანია და ორგანიზაციაა წარმოდგენილი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.