ილონ მასკის კომპანია საქართველოში შემოდის - ოპერირების დაწყების ოფიციალური თარიღი უკვე დასახელდა

ilon maski

2023 წლიდან, საქართველოში მსოფლიოს წამყვანი კომპანია SpaceX-ის პროექტი Starlink დაიწყებს ოპერირებას, რომელიც თანამგზავრული სისტემებით მაღალსიჩქარიანი ფართოზოლიანი ინტერნეტის მიწოდებას უზრუნველყოფს.

საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანა გახდება, რომელშიც SpaceX-ის პროექტი Starlink დაიწყებს ოპერირებას. პირველ ეტაპზე, Starlink-ის ინტერნეტი საქართველოს მასშტაბით არსებულ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ყველა ტექნოპარკს მიეწოდება.

ქვეყნის მასშტაბით სწრაფი ინტერნეტის ამოქმედება ხელს შეუწყობს საჯარო სერვისების გაუმჯობესებას, განათლების დონის ამაღლებას, ინტერნეტის მიწოდებას იმ სკოლებში, სადაც დღეს არ არის, უსაფრთხოების დონის გაზრდას და ახალი შესაძლებლობების გაჩენას, მათ შორის იმისთვის, რომ შეიქმნას საინფორმაციო ტექნოლოგიების კუთხით ახალი პროდუქტები. ამასთან, თანამგზავრული ინტერნეტი ხელს შეუწყობს ციფრული ბიზნესის განვითარებასა და საერთაშორისო IT კომპანიებისთვის მიმზიდველი გარემოს შექმნას.

SpaceX-მა საქართველოში Starlink-ის პროექტით შემოსვლისა და საქმიანობის დაწყებით დაინტერესება გასულ წელს, ლოს ანჯელესში კომპანიის სათავო ოფისში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილსა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძესთან შეხვედრის შემდეგ გამოთქვა. სწორედ აღნიშნული შეხვედრის შემდგომ აქტიური თანამშრომლობის შედეგად, ცოტა ხნის წინ, საქართველოში Starlink-ის  რეგისტრაციისა და ავტორიზაციის პროცესი დასრულდა.