1792094214
გურამ გორელიშვილმა თავისი პირადი არქივი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს გადასცა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, დღეს, ცნობილ ქართველ ჟურნალისტს, ომის ვეტერან გურამ გორელიშვილს, საქართველოს პირველი არხის ყოფილ ხელმძღვანელობასა და უფროსი თაობის ჟურნალისტებს უმასპინძლა. ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
შეხვედრის მიზანი გახლდათ გურამ გორელიშვილის გადაწყვეტილება, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისთვის გადაეცა მისი პირადი არქივი, რომელიც გასული საუკუნის 90-იან წლებში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების, მებრძოლებისა და იმდროინდელი მოვლენების შესახებ უნიკალურ მასალას მოიცავს.
კობა კობალაძემ, გურამ გორელიშვილს, ამ ძვირფასი საჩუქრისთვის და ქართული ჟურნალისტიკის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა; მან მადლიერება გამოხატა პირველი არხის ხელმძღვანელებისა და თითოეული ჟურნალისტის მიმართ:’’ჩემთვის ძალიან ემოციურია თქვენთან შეხვედრა, რადგან სწორედ თქვენი დამსახურებაა ის უნიკალური კადრები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიასა და ჩვენი სამშობლოსთვის თავდადებულ მეომრებს კიდევ ერთხელ გვახსენებს. მომავალი თაობები ყოველთვის იამაყებენ თქვენით, ვინც წვეთ-წვეთად ქმნიდით ჩვენი ქვეყნის მტკივნეული და ამავე დროს, გმირული წარსულის მატიანეს. დღეიდან, ეს უნიკალური არქივი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში დაიდებს ბინას. გულწრფელი მადლობა ბატონ გურამს, აწგარდაცვლილ ჯანო ინაძეს, რომელიც ბატონ გურამთან ერთად ქმნიდა ამ უნიკალურ კადრებს და მადლობა თითოეულ თქვენგანს“, -განაცხადა კობა კობალაძემ.
საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის გადაწყვეტილებით, ქართული ჟურნალისტიკის წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის, გურამ გორელიშვილს, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტის წოდება და ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემია მიენიჭა. ჯილდოები, მას, საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის თავმჯდომარემ, გიორგი მამაცაშვილმა გადასცა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, მოადგილეები_ მირონ ჩიგოგიძე და ჯანდრი უბირია, სამსახურის წარმომადგენლები, საქართველოს რესპუბლიკის ტელერადიო დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე (1992), საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი,ომის ვეტერანი არჩილ გოგელია, საქართველოს რესპუბლიკის ტელერადიო დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, ომის ვეტერანი გოჩა ხუნდაძე, პირველი არხის ვეტერანი თანამშრომლები, გურამ გორელიშვილის ოჯახის წევრები და მეგობრები.
გურამ გორელიშვილი, საინფორმაციო პროგრამა „მოამბის’“ სპეციალური კორესპონდენტი გახლდათ აფხაზეთში, საბრძოლო მოქმედებების დროს. მას, 16 ოქტომბერს, 76 წელი შეუსრულდება. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ულოცავს ბატონ გურამს იუბილეს, დღეგრძელობას, ჯანმრთელობას და წარმატებებს უსურვებს.








