პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ექსპერტი ირაკლი გოგავა სოციალურ ქსელში ეროვნული ბიბლიოთეკის ფოტოებს ავრცელებს და წერს:
„ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვიყავი. ძველი სასკოლო სახელმძღვანელოების ასლები გადავიღე და წამოვიღე, რადგან არსებული სასკოლო პროგრამით ბავშვს გაუჭირდება კლასიკური განათლების მიღება. წამოვიღე ვინოგრადოვის „ლოგიკა“, ბოგუსლავსკის „ლოგიკური სავარჯიშოები“, ტეპლოვის „ფსიქოლოგია“, უემოვის „ლოგიკური შეცდომები“, პოვარნინის „როგორ წავიკითხოთ წიგნი“ და „კამათის ხელოვნება“. ეს წიგნები ადრე სასკოლო პროგრამაში იყო, თუმცა 60-იანი წლებიდან ამოიღეს, რადგან საბჭოთა ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ ლოგიკურად მოაზროვნე თაობები აღარ სჭირდება. ვისაც სკოლის მოსწავლეები გყავთ ოჯახში, გირჩევთ ამ წიგნებს.
დიდი ხანი არ ვიყავი ნამყოფი ეროვნულ ბიბლიოთეკაში. ძირითადი პერსონალი საერთო დარბაზში 90-იანი წლებიდან ვიცანი. ძალიან თავაზიანები, დაუზარელები, ნამდვილი ინტელიგენტი ქალბატონები. დიდი ყურადღებით მომაძებნინეს ყველაფერი, რაც მჭირდებოდა.
მიუხედავად მათი ასეთი ყურადღებისა და მზრუნველობისა, მაინც გულმოკლული წამოვედი ბიბლიოთეკიდან. და თუ „რატომ“ - შეგიძლიათ ფოტოებზე იხილოთ. ერთ-ერთ თანამშრომელს გავესაუბრე. აღმოჩნდა, რომ წიგნების დიდი ნაწილი ქუთაისში არის გადატანილი და თუ მკითხველი მოითხოვს, რამდენიმე დღეში ჩამოუტანენ. კატალოგის დიდი ნაწილი კვლავ ხის უჯრებშია. ხის უჯრებიან კატალოგებს პირველ სართულზე გავერანებული ლაბირინთებით სიბნელეში უნდა მიაგნო. ბიბლიოთეკარს ვკითხე, წიგნები თუ არის დაცული-თქო, რაზეც მან მიპასუხა, რომ სპეციალური აუდიტის გარეშე ამას ვერავინ იტყვის, თუმცა 90-იან წლებში, ყოველწლიურად მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებიდან ათეულობით მკვლევარი და მეცნიერი ჩამოდიოდა ჩვენს ბიბლიოთეკაში წიგნებთან სამუშაოდ, რადგან აქ ისეთი უნიკალური წიგნები იყო დაცული, რომელიც სხვაგან არსად ინახებოდა, ჰოდა ნაღვლიანმა დაამატა: 20 წელია აღარ ჩამოდიანო. მე მას ვკითხე, ბიბლიოთეკის ყველა კორპუსი ასეთ სავალალო მდგომარეობაშია-თქო? მან მიამიტური სიხარულით მიპასუხა: არა, მე-4 კორპუსი „ქართუ“-მ გაგვირემონტაო, და ნირწამხდარმა დაამატა: აი, საცავებში ჩასვლა კი ჩვენც გვთრგუნავსო.
ეროვნული ბიბლიოთეკა ერის მეხსიერების ნაწილია, ისევე როგორც არქივი, არქიტექტურული ძეგლები, მეცნიერული შრომები, მუზეუმები… ვფიქრობ, განგაშია გამოსაცხადებელი! აუცილებელია პროფესიონალური აუდიტის ჩატარება ეროვნულ ბიბლიოთეკაში, არქივებში, მუზეუმებში.
ბოლო დღეებში კი სრულად გამაოგნებელი იყო ეროვნული ბიბლიოთეკის „კეპკიანი“ ხელმძღვანელის ლიბერალურ შაბაშში აქტიური გამოსვლები იმ ფონზე, როცა 11 წელია ბიბლიოთეკის დირექტორია და ობიექტი ასეთ მდგომარეობაშია“, - წერს ირაკლი გოგავა.